საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროდ კვლავ რჩება აზერბაიჯანის რესპუბლიკა, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2019 წლის საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმად, სხვადასხვა კონტრაქტის მეშვეობით საქართველო აზერბაიჯანიდან იღებს მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ბუნებრივი გაზის 63%-ს. ამავდროულად, საქართველო ახორციელებს ბუნებრივი გაზის ტრანზიტს რუსეთის ფედერაციიდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით, რომელიც 2019 წელს 15 პროცენტით აღემატებოდა გასული წლის მაჩვენებელს.
რაც შეეხება ქვეყანაში ბუნებრივი გაზის მოხმარების ზრდას, სემეკის მონაცემებით, ზრდა ძირითადად შეეხო საყოფაცხოვრებო და თბოსადგურების მოხმარებას.
„2019 წელს საქართველოს ბუნებრივ გაზზე მოთხოვნამ 2 503 მლნ კუბ.მ. შეადგინა, რაც 15 პროცენტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს. სულ იმპორტით დაკმაყოფილდა ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99.8%, დანარჩენი კი – ადგილობრივი მოპოვებით,“-აღნიშნულია ანგარიშში.