როდიდან დაიწყება სუბსიდირებული იპოთეკური სესხების გაცემა „თიბისი ბანკში“

ახალი, სუბსიდირებული იპოთეკური სესხებით სარგებლობას მოქალაქეები „თიბისიში“ ივნისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ.

ამის შესახებ „თიბისის“ დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, სესხების გაცემის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოებია დარჩენილი, რასაც დაახლოებით, 1-2 კვირა დასჭირდება, შესაბამისად, ივნისის შუა რიცხვებში ბანკი მზად იქნება, რომ სესხები გასცეს.

„ბოლო 3 კვირის განმავლობაში საკმაოდ აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა მთავრობას, დეველოპერებს, კომერციულ ბანკებსა და ეროვნულ ბანკს შორის. ამ ინიციატივის საშუალებით იპოთეკური სესხების ლარში უცხოურ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხების კონკურენტული გახდება, რაც გრძელ ვადაში ლარიზაციას შეუწყობს ხელს და ასევე დადებითად იმოქმედებს დეველოპერების ინდუსტრიის განვითარებაზე.

როცა განხილვები მიმდინარეობდა, საუბარი იყო, რომ უფრო მომცველობითი ყოფილიყო ეს ინიციატივა, მათ შორის, მეორად ბინებსაც შეხებოდა, თუმცა, საბოლო შეთანხმება მოხდა, რომ 2020 წლის ბოლომდე ეს ინიციატივა მხოლოდ პირველად ბინებზე განხორციელებულიყო. ამით ეს თანხები ახალ ბინათმშენებლობებს მოხმარდება და დეველოპერული პროექტების წახალისებას გამოიწვევს.

იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირებამ მხოლოდ წელს იპოთეკური სესხების გაცემა შესაძლოა, დაახლოებით, 400-500 მლნ ლარამდე წაახალისოს. რაც სეეხება საპროცენტო განაკვეთს, საშუალოდ, სუბსიდირების შემთხვევაში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 7%-იქნება,“-აღნიშნა ბუცხრიკიძემ.

თაია არდოტელი