ფერმერული გაერთიანებები პოლიტიკურ სპექტრს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ. „საქართველოს ფერმერთა ასოციაციას, როგორც ქოლგა ასოციაციას, რომელიც აერთიანებს ბევრ ქვე-სექტორულ ასოციაციას სოფლის მეურნეობასა და აგრობიზნესში, ერთობლივი განცხადებით გვსურს, გამოვეხმაუროთ გუშინ შალვა ნათელაშვილის დაუსაბუთებელ ბრალდებებს ჩვენი ფერმერის, ფერმერთა სათათბიროს წევრისა და საქართველოს მერძევეთა ასოციაციის თავმჯდომარის ნიკოლოზ ბენიაიძის მიმართ. ჩვენ, ყველა ხელმომწერი ასოციაცია ვერ შევეგუებით ვერც ერთი ფერმერის რეპუტაციის უსაფუძვლო შელახვას და ყოველთვის ვიბრძოლებთ მათი ინტერესების დასაცავად. საქართველოს კონსტიტუციისა და საკანონმდებლო აქტების თანახმად, პირის პატივი და ღირსება ხელშეუვალია, ხოლო ცილისწამებისათვის გათვალისწინებულია სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა. შალვა ნათელაშვილის განცხადება ატარებს სწორედ ცილისმწამებლურ ხასიათს. მასში არ არის მითითება არავითარ მტკიცებულებაზე. იგი ასევე, არ შეიცავს იმგვარ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც შესაძლებელია, გადამოწმდეს, იმ დროს, როცა ნიკოლოზ ბენიაიძე დადანაშაულებულია საკუთარი სამშობლოს ღალატში (უცხო ქვეყნის, ამ შეთხვევაში საქართველოს ოკუპანტის, სპეცსამსახურის აგენტობა) და ამომრჩევლის მოსყიდვასა და მათ ტერორში. ვფიქრობთ, მსგავსი შინაარსის განცხადებები, მით უფრო, პოლიტიკური/საჯარო პირის მიერ კერძო პირის მისამართით გაკეთებული, უაღრესად სახიფათოა ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოებისა და სტაბილური განვითარებისათვის. სწორედ, აღნიშნულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ იგი არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე,“- ნათქვამია ფერმერთა ასოციაციის განცხადებაში.
ამასთანავე, ფერმერთა ასოციაცია შალვა ნათელაშვილისგან მისი ბრალდებების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენას სთხოვს.
„წინამდებარე დოკუმენტზე ხელმომწერი პირები მივმართავთ შალვა ნათელაშვილს, საზოგადოებას წარმოუდგინოს მისი განცხადების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები. კიდევ ერთხელ გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, ჩვენი ერთობლივი სულისკვეთება დავიცვათ ყველა ჩვენი წევრი საჯარო მოხელეებისა თუ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ცილისწამებისა და მათი საქმიანობის უკანონო ხელშეშლისგან.
ამასთანავე, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ფერმერები და ფერმერული გაერთიანებები მათი თანხმობის გარეშე არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური დივიდენდისთვის.
პატივისცემით, 1. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე; 2. საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი; 3. მომავლის ფერმერის თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილი; 4. რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის (საქრძე) აღმასრულებელი დირექტორი კახა კონიაშვილი; 5. საქართველოს დეკორატიული და ტყის შემქნელი ენდემური სახეობების მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ხარხელაური; 6. კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ელისო ღვინიაშვილი; 7. ორგანული აქვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯი“-ს თავმჯდომარის მოადგილე ალეკო ბაღდაძე; 8. ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე ირინე ფხოველიშვილი; 9. საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე თენგიზ სვანიძე; 10. ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სილაგავა; 11. ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა მიქაძე,“- ნათქვამია ფერმერთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.