დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გლდანში ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 ივნისს დასრულდება.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მიწის ქვემოთ არსებული კომუნიკაციები სრულიად შეიცვალა.
„გლდანის რაიონში, ორი ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ, დასასრულს უახლოვდება. ახლა, ამ კონკრეტული მონაკვეთის ზედა ფენების მოწყობა მიმდინარეობს და 15 ივნისისთვის ორივე ცენტრალური ქუჩა დასრულებული იქნება. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მიწის ქვემოთ არსებული მთლიანი კომუნიკაციები შეიცვალა. ასფალტი, რომელიც იგება, სპეციალური მოდიფიცირებული ასფალტია, ძალიან მაღალი ხარისხისაა. გარდა ამისა, მოეწყო ორ კილომეტრზე ჯებირები და გაგანიერდა ტროტუარები, სადაც ტროტუარის სივიწროვის გამო, შეუძლებელი იყო გადაადგილება“, - განაცხადა კახა კალაძემ.