დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყაზბეგის გამზირზე „ორბი რეზიდენსის“ მშენებლობის პროექტი მის მერად არჩევამდე იყო დამტკიცებული. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, "რა დამსახურების გამო მიიღო „ორბი ჯგუფმა“ სამშენებლო ნებართვა, მაშინ, როდესაც „ორი წლის წინ ამ ტერიტორიაზე ხეები გაიჩეხა და ფაქტის შემდეგ, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა.“
მისი თქმით, მშენებლობები გაგრძელდება, თუმცა არა პარკების და რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე.
„თქვენ ცდილობთ ზოგადად, მშენებლობა წარმოაჩინოთ დანაშაულად. ჩვენ ამის საშუალებას არ მოგცემთ. მშენებლობები გაგრძელდება, თუმცა ეს ვერ მოხდება პარკებისა და რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე. ჩვენ არაერთი შემთხვევა გვქონდა, როდესაც ასეთი მშენებლობები გავაჩერეთ, როცა წინა ხელისუფლებების დროს იყო გაცემული ნებართვები. რაც შეეხება ამ კონკრეტულ სამშენებლო ნებართვას, როდესაც მე ხალხმა ამირჩია და შევუდექი ჩემს უფლებამოსილებას, პროექტი დამტკიცებული იყო და შესაბამისად, გაიცა სამშენებლო ნებართვა“, - განაცხადა კალაძემ.