"დაუმთავრებელი მშენებლობის შედეგად დაზარალებული 4000 ადამიანი დაკმაყოფილდება"

დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებების პაკეტის ფარგლებში ჩვენ ვისაუბრებთ იმ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რომლის განხორციელებაც თბილისის მერიამ 2019 წლის მაისიდან დაიწყო, ეს არის დაუმთავრებელი მშენებლობების ხელშეწყობის დროებითი ღონისძიებები, რომლის შედეგებიც ნათელია. დავამატებ, რომ იმ 30 განაცხადის დაკმაყოფილების შემდეგ, რომელიც დღეს მერიას წარმოებაში აქვს დაახლოებით 4 000 ადამიანი დაკმაყოფილდება, რომელიც დაზარალებულია დაუმთავრებელი მშენებლობის შედეგად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, დროებითი ღონისძიებების სარგებლობისთვის განაცხადის შეტანის ვადა ერთი წლით გახანგრძლივდება.

„ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ამ დროებითი ღონისძიებების სარგებლობისთვის განაცხადის შეტანის ვადა გახანგრძლივდეს ერთი წლის განმავლობაში და მეორე - ჩვენ, ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს პროგრამა გაგრძელდეს არამხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის ფარგლებში, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ამისთვის პარლამენტის მხარდაჭერა იქნება აუცილებელი, იმიტომ, რომ ეს ინიციატივა მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ინფორმციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.