ქვეყნებმა, რომლებმაც კრიზისის დასაძლევად ჯანდაცვის ხარჯების დაზოგვა გადაწყვიტა, ეკონომიკური შოკის დაძლევა გაუჭირდა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ წარსული შეცდომებიდან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ ვირტუალური პრესკონფერენციის მიმდინარეობისას განაცხადა. მისი თქმით, „ამჯერად შეგვიძლია, რომ უკეთესი ეკონომიკა შევქმნათ, რომელიც მეტად თანასწორი და ინკლუზიური იქნება“. ჰანს კლუგემ ეკონომიკის ამუშავების მიზნით, ევროპის ქვეყნებში შეზღუდვების პერიოდულ შემსუბუქებაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ არ არსებობს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, კორონავირუსის გავრცელების კონტროლის გარეშე.
„გასაგებია, რომ კვირების გასვლასთან ერთად, მოსახლეობასა და პოლიტიკოსებს ბიზნესის გახსნა და სამუშაო ადგილებზე დაბრუნება ერთნაირად სურთ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპული რეგიონის 48 ქვეყანა უკვე ცვლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემასა და სოციალურ ზომებს. ყველაზე გავრცელებული ზომები, რომლებიც ამ დრომდე ქვეყნებმა შეამსუბუქეს, არის არაარსებითი ბიზნესების გახსნა და შიდა გადაადგილების აკრძალვის შემსუბუქება. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ არ ვზომავთ სიცოცხლეს სასიცოცხლოდ აუცილებელ სახსრებთან შედარებით და არც ჯანმრთელობას ფინანსურ კეთილდღეობასთან შედარებით. აქ არ არსებობს ერთი ან მეორე: არ არსებობს ეკონომიკა ადამიანების გარეშე. არ შეიძლება ვისაუბროთ ეკონომიკის ამუშავებაზე კოვიდ-19-ის გავრცელების კონტროლის გარეშე.
იქიდან გამომდინარე რაც ვისწავლეთ წარსულში და ვიყურები რა წინ, მაქვს სამი გზავნილი ქვეყნებისთვის:
ვირუსის გავრცელების კონტროლი და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ერთად მოდიან;
კოვიდ-19 აზარალებს ყველას, მაგრამ ზოგიერთებს სხვებზე უფრო მეტად - ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვინმე უკან ჩამოვიტოვოთ;
ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ უკეთესი ეკონომიკა - გაცილებით უფრო თანასწორი და ინკლუზიური,“- განაცხადა ჰანს კლუგემ.
მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წუხილს იწვევს ის ფაქტი, რომ ქვეყნებმა ამ კრიზისს შეიძლება ისევ ისე უპასუხონ, როგორც 10 წლის წინ.
„ევროპის ბევრმა ქვეყანამ ამ კრიზისის დასაძლევად ჯანდაცვის ხარჯები შეამცირა. 2008 -2013 წლებში ჯანდაცვის ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ჩვენი რეგიონის ქვეყანათა ნახევარში შემცირდა. ხარჯების მსგავსმა დაზოგვამ ჯანდაცვის მომსახურებაზე ბევრი ადამიანის წვდომა შეზღუდა. იმავე წლებში ამან 3 მილიონი ადამიანი დააზარალა, ოჯახების 9% კი სიღარიბის ზღვარზე მიიყვანა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ წარსული შეცდომებიდან,“- განაცხადა ჰანს კლუგემ.