"კორონავირუსით მაღალდაზიანებული ქვეყნებიდან საქართველო ტურისტებს ჯერჯერობით ვერ მიიღებს"

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით მაღალდაზიანებული ქვეყნებიდან საქართველო ტურისტებს ჯერჯერობით ვერ მიიღებს.

როგორც გამყრელიძემ „ფეისბუქლაივისას“ განაცხადა, როგორი უნდა იყოს ტურისტების მიღების და მათზე ეპიდზედამხვედველობის, დაკვირვების სისტემა, დაახლოებით, 10 დღეში გახდება ცნობილი.

„ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა. დაანონსებულია, რომ 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი და 1-ელი ივლისიდან საერთაშორისო ვიზიტორებისთვის გაიხსნება ქვეყანა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა ყველა ქვეყნისთვის. ვერ მივიღებთ ჩვენ ტურისტებს ჯერჯერობით მაღალდაზიანებული ქვეყნებიდან. მიმდინარეობს მუშაობა იმ პროტოკოლებზე, თუ როგორი უნდა იყოს ტურისტების მიღების სისტემა ქვეყანაში და მათზე ეპიდზედამხვედველობის დაკვირვების სისტემა, რომ მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ რისკი ქვეყანაში ინფექციის შემოტანის. 1 კვირის, 10 დღის შემდეგ გვეცოდინება რა უნდა გაკეთდეს, უნდა გაკეთდეს გამოკვლევა თუ არა, ამაზე ჩამოყალიბებული ვიქნებით. დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს თავისი რეკომენდაციები, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკოორდინაციო საბჭო. ამ მსჯელობის შემდგომ ჩამოვყალიბდებით წესებზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.