წესები, რომლის დაცვაც დღეიდან ტრანსპორტში აუცილებელი იქნება - საზტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოში ყველა სახის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა.

მათ შორის მუშაობს თბილისის მეტროც. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დადგენილი წესებით იმუშავებს.

ტრანსპორტში სავალდებულოა, მგზავრობის დროს პირბადის ტარება. ამასთან, საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ იმუშავებს კონდიციონერი, რადგან ვირუსის გავრცელებისთვის ერთ-ერთი საფრთხეა.

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა, რაც ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება. გარდა ამისა, მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა იკრძალება.

„ავტობუსებს რაც შეეხება, ერთადერთი მოთხოვნა არის პირბადეებით ასვლა. ერთი დისკომფორტი, რაც შეიძლება იყოს, ეს არის კონდიციონერის არჩართვა და არმუშაობა, ფანჯრები იქნება მაქსიმალურად ღია, რომ მოხდეს განიავება, რადგან კონდიცირება არის ერთ-ერთი საფრთხე ვირუსის გავრცელების. მეტროშიც იგივე მოთხოვნები იქნება, ჩვენ დაგვეხმარება საპატრულო პოლიცია და მეტროში არ შეიშვებიან ადამიანები, ვისაც პირბადეები არ აქვს. მეტროში ფეხზე დგომა დასაშვები იქნება“, - აცხადებს კალაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, კორონავირუსის პანდემიის გამო, 31 მარტს აიკრძალა.

თაია არდოტელი
რომელი დაწესებულებები გაიხსნება 22 ივნისიდან
მაისში ყავა გაძვირდება - არის თუ არა მარაგები საქართველოში
რამდენი ადამიანია დასაქმებული და როგორია სასტუმრო/სარესტორნო ბიზნესის ბრუნვა საქართველოში