„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, აპრილში, საქართველოს ეკონომიკის 16.6%-იან კლებაში ყველაზე დიდი წვლილი მშენებლობამ შეიტანა

აპრილში, საქართველოს ეკონომიკის 16.6%-იან კლებაში ყველაზე დიდი წვლილი მშენებლობამ შეიტანა, - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა. როგორც მან განმარტა, მშენებლობასთან ერთად, ეკონომიკურ კლებაში დიდი წვლილი შეიტანა ვაჭრობამ და დამამუშავებელმა მრეწველობამ.

„მშენებლობის სექტორში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის მიუხედავად გამოვლინდა კლების ტენდენცია, რაც დაკავშირებული იყო როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან, ისე სამოქალაქო და სპეციალიზირებული სამუშაოების შემცირებასთან. ასევე, 34%-ით შემცირდა სამშენებლო მასალების იმპორტი. 65%-ით შემცირდა ცემენტის და კლინკერის იმპორტი. ვაჭრობის დარგში კლება ძირითადად დაკავშირებული იყო ავტომობილებით და მისი დეტალებით ვაჭრობის მოცულობის შემცირებასთან. 87%-ით შემცირდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი. 27%-ით შემცირდა ნავთობპროდუქტების იმპორტი,“-აღნიშნა თოდრაძემ.