საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლეთა რიცხვი გაიზარდა

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლეთა რიცხვი გაიზარდა.

დაზღვევის სახელმწიფო სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის პირველ კვარტალში კერძო კომპანიების ჯანდაცვის პოლისით 615,966 ადამიანი სარგებლობდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,3%-ით მეტია. 2019 წლის პირველ კვარტალში სამედიცინო დაზღვევის 563,082 პოლისი იყო გაცემული. საერთო ჯამში კი, 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 17% სარგებლობს.

ამასთან, სადაზღვევო კომპანიების მიერ 2020 წლის 3 თვის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიის მოცულობამ 115,1 მლნ ლარი შეადგინა.

ბაზარზე კომპანიების წილები კი ასე გადანაწილდა:

  • ჯიპიაი ჰოლდინგი - 33,50 მლნ ლარი (ბაზრის წილი 29%)
  • იმედი L - 28,64 მლნ ლარი (ბაზრის წილი - 25%)
  • არდი - 13,38 მლნ ლარი ( ბაზრის წილი - 12%)
  • პსპ - 7,63 მლნ ლარი (ბაზრის წილი - 6%)
  • ბენეფიტი - 6,81 მლნ ლარი (ბაზრის წილი - 6%)

საერთო ჯამში, 2020 წლის პირველ კვარტალში 18 სადაზღვევო კომპანიის ჯამურმა პორტფელმა 211.1 მლნ ლარი შეადგინა, 31.2 მილიონით მეტი, ვიდრე 2019 წლის 3 თვეში.

ცნობისათვის, 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, 17 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.