„საქპატენტმა“ ადგილწარმოშობის დასახელებაზე „ახოები" რეგისტრაციის მოწმობა გასცა

„საქპატენტმა“ ადგილწარმოშობის დასახელებაზე „ახოები" რეგისტრაციის მოწმობა გასცა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქპატენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ის განსაკუთრებული ღვინოა - მუქი წითელი ფერის, უზადო, სავსე, ექსტრაქტული, ხავერდოვანი, ჰარმონიული გემოთი და არომატით.

"რეგისტრაციაზე განაცხადი ინტელექტუალური საკუთრების უწყებაში ა(ა)იპ კარდენახის ღვინომ შემოიტანა. „ახოების“ მიკროზონა მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე. მისი წარმოებისათვის განკუთვნილი ყურძენი მოწეული უნდა იყოს მხოლოდ ახოების მიკროზონაში გაშენებული ვენახებიდან.

„ახოების“ მიკროზონის გეოგრაფიული მდებარეობა, დამახასიათებელი კლიმატი ზომიერად თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული, ატმოსფერული ნალექების ზომიერი რაოდენობა, ყავისფერი, კარბონატული ნიადაგები, ახოების მიკროზონაში მოწეული საფერავის და/ან საფერავი ბუდუშურისებურის ვაზის ჯიშების კონკრეტულად ამ მიკროზონაში გამოვლენილი განსაკუთრებული თვისებები და მევენახეობა-მეღვინეობის ადგილობრივი, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია განაპირობებს ღვინის განსაკუთრებულ ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებს და მაღალ რეპუტაციას“ - აღნიშნულია სპეციფიკაციაში.

„ახოები“ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის მიერ რეგისტრირებული 33-ე ადგილწარმოშობის დასახელებაა, რომელთა შორის არის „ხვანჭკარა“, „ქინძმარაული“, „ტვიში“, „ბორჯომი“ და სხვა.

ცნობისთვის, ადგილწარმოშობის დასახელება არის გეოგრაფიული ადგილის სახელი რომელიც გამოიყენება ისეთი პროდუქტის მოსანიშნად, რომლის განსაკუთრებული ხარისხი და თვისებები განპირობებულია მხოლოდ ამ გეოგრაფიული ადგილის ბუნებრივი გარემოთი და ადამიანის ფაქტორით.

„ახოების“ და სხვა ადგილწარმოშობის დასახელებების სპეციფიკაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე: http://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/