სავაჭრო ცენტრების გახსნის შემდეგ, მოლებში არსებული კინოთეატრები, გასართობი ცენტრები და კვების ობიექტები კვლავ დახურული დარჩება

1-ელ ივნისს, სავაჭრო ცენტრების გახსნის შემდეგ, მოლებში არსებული კინოთეატრების, გასართობი ცენტრებისა და კვების ობიექტების საქმიანობა კვლავ აკრძალული იქნება.

ჯანდაცვის მინისტრმა სავაჭრო მოლებისა და სავაჭრო ცენტრებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, მთავრობის შესაბამისი დადგენილების გამოცემამდე, აკრძალულია სავაჭრო ცენტრებში არსებული კინოთეატრებისა და გასართობი ცენტრების, ასევე კვების ობიექტების საქმიანობები.

დოკუმენტის თანახმად, ინფექციის რისკის შემცირების მიზნით, სავაჭრო ცენტრებმა აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამოყენებით უნდა უზრუნველყონ მომხმარებელთა ინფორმირებულობა კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ.

„ერთიან შესასვლელთან მოაწყვეთ თერმოსკრინინგის კამერა სკანირებისთვის, რათა სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლოთ პერსონალის/მომხმარებლების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთვევაში მოახდინეთ აღრიცხვა და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს,” - აღნიშნულია დოკუმენტში.