დახურულ სივრცეში სპორტსმენების ვარჯიში 2- მეტრიანი დისტანციის დაცვით და მაქსიმუმ 5 პირის მონაწილეობით უნდა ჩატარდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებულ პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით შემუშავებულ რეკომენდაციებშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, არაკონტაქტური და კონტაქტური სპორტის სახეობებისთვის ვარჯიში ღია სივრცეში უნდა ჩატარდეს 2 მეტრიანი დისტანციის დაცვით, ხოლო დახურულ სივრცეში 2 მეტრიანი დისტანციის დაცვით და ერთდროულად მაქსიმუმ 5 პირის მონაწილეობით. ამასთან, უშუალოდ სავარჯიშო სივრცეში შესვლის წინ ყველა პირისთვის (სპორტსმენი, მწვრთნელი და ა.შ.) სავალდებულოა ხელის ჰიგიენის ჩატარება (ხელის დაბანა გამდინარე წყლითა და საპნით და ხელების დამუშავება დეზინფექტანტის საშუალებით). დაუშვებელია საერთო სარგებლობის გასახდელების ან/და საშხაპე სივრცეების გამოყენება. სავარჯიშო პროცესში აკრძალულია საერთო სპორტული ინვენტარის გამოყენება, გარდა სპორტის სახეობის სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებლობისა (მაგ., ბურთი, ბატუტი, ტურნიკი და ა.შ.).