ახალი წესები ტურისტულ გადაადგილებაზე - რა პირობების დაცვა მოუწევთ კომპანიებს და ტურ-ოპერატორებს

ჯანდაცვის სამინისტრომ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სხვადასხვა სექტორისთვის განახლებული რეკომენდაციები გამოაქვეყნა.

მათ შორის საუბარია, რეკომენდაციებზე რომლის დაცვაც ტურისტულ კომპანიებს, ტურ-ოპერატორებსა და გიდებს მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ტურისტული კომპანიის, ყველა ტიპის ტურის ორგანიზატორისთვის ასე გამოიყურება:

  • ტურზე წასვლამდე უნდა განხორციელდეს გიდის, მძღოლისა და ტურისტთა თერმოსქრინინგი. მონაცემები ჩაიწეროს შემდგომი მონიტორინგისთვის. თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად;
  • ტურისტული ჯგუფი (მათ შორის გიდი და მძღოლი) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. დახურულ სივრცეში ნიღაბი წარმოადგენს აუცილებლობას, ხოლო ხელთათმანი, პირბადე და დამცავი ფარი/სათვალე, გამოიყენოს საჭიროების შესაბამისად;
  • სატრანსპორტო საშუალება უზრუნველყოფილი უნდა იყოს სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი სითხით;
  • ოფისებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებში განხორციელდეს ხშირად შეხებადი ზედაპირების (მათ შორის კლავიატურის, ღილაკების, კარების სახელურების, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების, ტელეფონების და სხვა ხშირად შეხებადი ზედაპირებისა და საგნების) დამუშავება რამდენჯერმე დღეში (2 საათიანი ინტერვალებით) შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;
  • გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური საშუალებების მოსაცილებლად, ავტოსატრანსპორტო საშუალებები უზრუნველყოფილი უნდა იყოს დახურული კონტეინერით;
  • მძღოლის კაბინასთან, მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად უნდა მოეწყოს დამცავი გამჭვირვალე ბარიერი;
  • ტურისტების ყოველი გადაყვანის შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შიდა და გარე სახელურების დეზინფექცია/სანიტარული დამუშავება;
  • ავტოტრანსპორტის დასუფთავებისას განსაკუთრებული ყურადღებით დამუშავდეს სავარძლების თავის საყრდენი მოწყობილობა და სავარძლების სამკლავური (ხელის დასასვენებელი ადგილი);
  • რეგულარულად გაანიავეთ სამგზავრო სალონი ღია ფანჯრებით;
  • ტურის მსვლელობისას მძღოლს თან ჰქონდეს ორგანიზატორის მიერ მიწოდებული ინდივიდუალური ტემპერატურის საზომი, თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად და მონაცემები ჩაიწეროს შემდგომი მონიტორინგისთვის;
  • ყველა ტიპის ტურის ორგანიზატორი და თვითდასაქმებული გიდი ვალდებულია დაიცვას წინამდებარე რეკომენდაციებით განსაზღვრული მოთხოვნები.

თაია არდოტელი