საქართველოს ეროვნული ბანკი ორი ახალი საკოლექციო მონეტის დიზაინის შექმნის მიზნით აცხადებს კონკურსს შემდეგ თემებზე: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი და დედამიწის დღე.
"1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღო. კონსტიტუციით განისაზღვრა, რომ საქართველო თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფოა და პოლიტიკური წყობილების მუდმივი და უცვლელი ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა. 1921 წლის კონსტიტუცია გამოირჩევა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განმტკიცებით. კონსტიტუციის ტექსტი ერთ-ერთი პროგრესული იყო ევროპის კონტინენტზე. 2021 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი სრულდება და სწორედ ამიტომ, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა გამოუშვას ამ თარიღის აღსანიშნავად საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა, რაც მიზნად ისახავს ამ მოვლენის მნიშვნელობის ხაზგასმასა და დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერას. საკოლექციო დანიშნულების მონეტის დიზაინის ესკიზის შესაქმნელად კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.
დედამიწის დღე ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში 22 აპრილს აღინიშნება. ეს დღე გლობალურ ინიციატივაა, რომელიც გარემოს დაცვის მხარდასაჭერად მილიონობით ადამიანს აერთიანებს. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღედ 2009 წელს მიღებული რეზოლუციით გამოაცხადა და ამ გზით შეუერთდა სამოქალაქო საზოგადოების იმ ჯგუფებს, რომლებიც ამ თარიღს ადრეც აღნიშნავდნენ.
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შემეცნებითი ღონისძიებები იმართება. გარემოსდაცვითი საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება შეუერთდეს ამ გლობალურ ინიციატივას და 2021 წელს დედამიწის დღის აღსანიშნავად საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვას, რაც მიზნად ისახავს ამ აქტივობების ხელშეწყობასა და საქართველოს პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით. საკოლექციო მონეტის დიზაინის ესკიზის შესაქმნელად კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე", -აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.