სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, 300-ზე მეტი ფერმერი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას თანადაფინანსებით შეიძენს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფომ ტექნიკის შეძენაში ფერმერების დასახმარებლად 6 მილიონი ლარი გამოყო.
მათივე ცნობით, პროგრამის მიმართ უპრეცენდენტოდ მაღალი ინტერესი დაფიქსირდა. რეგისტრაციის გამოცხადებიდან 2 საათში 339 განაცხადი დარეგისტრირდა, აქედან აბსოლუტური უმრავლესობა, 300-ზე მეტი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებით შეძენას ეხება.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფერმერები პროექტში რეგისტრაციასთან დაკავშირებით განაცხადს ელექტრონულად ახდენენ. სპეციალური პროგრამა ავტომატურად ითიშება, როგორც კი პროგრამისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი ამოწურულია. ამავე პროგრამით გათვალისწინებული სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის და მოდერნიზებისთვის საჭირო შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენის და მათი სამონტაჟო სამუშაოების თანადაფინანსებას, ასევე ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვასა და მონტაჟის თანადაფინანსებსების მოთხოვნით განაცხადების მიღება გრძელდება ბიუჯეტის (4 მლნ ლარი) ამოწურვამდე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.