პირველი ქართული ლუდი "აია" ბრუნდება

„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე ბრუნდება.

ცნობისთვის, „აია“ 1953 წელს, ქალაქ ქუთაისში გამოჩნდა. ბრენდი ქუთაისში მოღვაწე მეწარმემ, „დვალიშვილის წყლების“ დამაარსებელმა რევაზ დვალიშვილმა გამოუშვა.

80-იანი წლების დასაწყიsში, ბრენდი გაუჩინარდა. მისი დაბრუნების მცდელობა 90-იან წლებში იყო, მაშინ ბრენდს რევაზ დვალიშვილის შთამომავლობა გაუძღვა. თუმცა, 90-იანებში დაბრუნებული „აია“ ბაზრიდან მოკლე დროში კვლავ გაუჩინარდა. ახლა კი „ზედაზენი“ მის დაბრუნებას გეგმავს.

ჩვენი ბიზნეს ჯგუფის ფილოსოფია მდგომარეობს იმაში, რომ შევქმნათ პროდუქტი, რომელიც იქნება საუკეთესო და რომლითაც იამაყებს ქართველი ხალხი. “ქართული ლუდის კომპანია“ 2011 წელს დაარსდა. ეს არის ჯგუფის რიგით მესამე ლუდისა და ლიმონათის საწარმო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ავაშენეთ. ქარხანა შეიძლება ითქვას, ბოლო სიტყვაა ტექნოლოგიების თვალსაზრისით.

„აია“ - ზე მუშაობა კი, ორი წლის წინ დავიწყეთ. პირველი ლუდის ბრენდი „აია“ წარმოადგენს კულტურულ, შეიძლება ითქვას, ისტორიულ კონტექსტს, რომელიც დაკავშირებულია არა მხოლოდ ლუდის მოხმარებასთან, არამედ წარსულ დროსთან, ახალგაზრდობასთან, მოგონებებთან. შეიძლება ითქვას, რომ „აია“ - ს გააჩნია ფესვები, წარმომავლობა და ისტორია. უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, „აია“ წარმოადგენს ბრენდს, რომელიც მონატრების ობიექტია.

„აია“-ს მეორე და უმთავრეს უპირატესობას წარმოადგენს მისი წარმოშობა და იმერეთისათვის, განსაკუთრებით ქუთაისისათვის დამახასიათებელი კულტურული გარემო, რომლის ნაწილიც არის ბრენდი „აია“.

აქედან გამომდინარე, მომხმარებლისთვის „აია“ განიხილება, როგორც მშობლიური ბრენდი, რომელთანაც ემოციურ სიახლოვეს განიცდის. მონატრებულ შეგრძნებებსა თუ სიტუაციებს გაგვახსენებს და წარმოგვიდგენს, როგორც ნამდვილი მონატრების გემოს, რომელსაც გამეორება სჭირდება. ვის, თუ არა ჩვენ გუნდს უნდა გაეგრძელებინა „აია“ - ს ისტორია,“-აცხადებენ კომპანიაში.

თაია არდოტელი