რა ქონებას ფლობს საქართველოს გენერალური პროკურორი

გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის ოჯახის ქონება 2019 წელს გაიზარდა.

კერძოდ, 2020 წლის 18 აპრილს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისმა მეუღლემ თბილისში, 3 ავტოსადგომი, თითო 5 ათას ლარად შეიძინა.

თავად გენპროკურორის სახელზე კი დეკლარაციის თანახმად, მხოლოდ თბილისში მდებარე 1000 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთია გაფორმებული, რომელი ჩუქების ხელშეკრულებით აქვს მიღებული. ასევე როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, უძრავი ქონება მისი ოჯახის მიერ არის შეძენილი.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე 40276 ლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი, 47 000 ლარი და 25 000 დოლარი ჰქონდა.

ირაკლი შოთაძის შემოსავალმა გასული წლის თებერვალ-დეკემბერში „სილქნეტის“ იურიდიული კონსულტანტის პოზიციაზე - 95 512 ლარი; ტექნიკური უნივერსიტეტში მოწვეული პროფესორის პოზიციაზე კი წლის განმავლობაში - 3 425 შეადგინა.

ამასთან, როგორც დეკლარაციაშია მითითებული, მანვე გასულ წელს საჩუქრის სახით მშობლისგან 25 000 დოლარი მიიღო. გარდა ამისა, შოთაძის სახელზე ფიქსირდება საკრედიტო ბარათი და იპოთეკური სესხი, რომლის შედეგადაც მისმა წლიურმა გასავალმა - 23 052,64 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება მის მეუღლეს, დეკლარაციის თანახმად, გარდა 2019 წელს შეძენილი ავტოსადგომებისა, ის ფლობს თბილისში მდებარე 150,5 კვ. მეტრი ფართობის ბინას, ასევე სოფელ ალგეთში მდებარე მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლს. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე - 4 206 ლარი ჰქონდა, ამასთან, საჩუქრის სახით მეგობრისგან 7 000 ლარის ღირებულების ფერწერული ტილო მიიღო.

შეგახსენებთ, რომ შოთაძე გენერალური პროკურორის პოსტზე მეორედ 2020 წლის თებერვალში დაამტკიცეს. მანამდე ის საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით იკავებდა.

თაია არდოტელი