„პროტოკოლი, რაც ტურიზმის ინდუსტრიისთვის გამოქვეყნდა, ამ სექტორთან ერთადაა დაწერილი და იქ არაფერია ისეთი, რის განხორციელებასაც ვერ შეძლებენ"

ყველა ის პროტოკოლი, რაც გამოქვეყნდა ტურიზმის ინდუსტრიისთვის, ამ სექტორთან ერთად არის დაწერილი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ტურიზმის ინდუსტრიისთვის COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციების დაწესებას.

თურნავას თქმით, ამ რეგულაციებში არაფერია ისეთი, რის გაკეთებასაც ტურიზმის სექტორი ვერ შეძლებს.

„ეპიდემია ჯერ კიდევ არსებობს და ეს საფრთხე არსად არ წასულა, ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ, თუმცა ეკონომიკა და ბიზნესი იხსნება. ყველა ის პროტოკოლი, რაც გამოქვეყნდა ტურიზმის ინდუსტრიისთვის, ამ სექტორთან ერთად არის დაწერილი და იქ არაფერი ისეთი არ არის, რის განხორციელებასაც ვერ შეძლებენ. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მსოფლიოში ჩვენი ადგილი განვამტკიცოთ, როგორც უსაფრთხო ტურისტული ადგილი,“ - განაცხადა თურნავამ.