საქართველოში COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება, შესაბამისად, ბიზნესების დიდ ნაწილს ოპერირების ჩვეულ რეჟიმში გაგრძელების საშუალება ეძლევათ.
რამდენიმეთვიანმა შეზღუდვებმა და თვითიზოლაციამ ბიზნესები სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დააყენა. მათ შორის, ღვინის სექტორში არსებული კომპანიები, რომლებიც ბოთლის ეტიკეტებს საზღვარგარეთ აწარმოებდნენ. შექმნილი ვითარების გამო, მათ ღვინის ეტიკეტების იმპორტის ვადები გაუხანგრძლივდათ, ხოლო წარმოების ფასი გაეზარდათ.
ამ შეზღუდვებმა გარკვეულწილად გამოიწვია ის, რომ აღნიშნულ კომპანიებს ეტიკეტების მცირე რაოდენობით წარმოება საქართველოში მოუწიათ.
საინტერესოა, რამდენად კმაყოფილია ბიზნესი საქართველოში წარმოებული ეტიკეტებით და მოდის თუ არა მათი ხარისხი უცხოურთან შესაბამისობაში?! როგორც შესაფუთი მასალებისა და ეტიკეტების მწარმოებელ კომპანია „კოლორ ჯგუფში“ აცხადებენ, ქართულმა კომპანიებმა დაინახეს, რომ მათთვის საჭირო პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე შეძენა ფინანსურად უფრო მომგებიანია. შესაბამისად, იმედი აქვთ, რომ ის კომპანიები, რომელთაც მათი პროდუქციის გამოყენება დაიწყეს, უცხოური საწარმოების მიერ დამზადებულ ეტიკეტებს ადგილობრივით ჩაანაცვლებენ.
კონკრეტულად, რატომ გადაწყვიტეს მწარმოებლებმა ქართული მასალების გამოყენება და რა პერსპექტივა აქვს ამ პროცესს, ამის შესახებ „კოლორ ჯგუფის ლეიბლის აღმასრულებელს რუსუდან მჭედლიშვილს ვესაუბრეთ:
ის კომპანიები, რომლებიც პროდუქციის წარმოებაში ჩასაშვებად საჭირო ეტიკეტებს უცხოეთში უკვეთავდნენ, გადმოვიდნენ თუ არა ქართული მწარმოებლების მომსახურებაზე?
ჩვენ გვაქვს რამდენიმე კარგი მაგალითი, როდესაც ღვინის ეტიკეტებს კომპანია უკვეთავდა იტალიაში, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდნარე, ეტიკეტები აწარმოა „კოლორ ჯგუფში“. შედეგით კი იმდენად კმაყოფილია, რომ მომავალშიც გეგმავს ჩვენთან წარმოების გაგრძელებას.
ჩვენი წარმოების ხაზი მოიცავს მაღალტექნოლოგიურ დანადგარებს როგორც ეტიკეტის ბეჭდვის, ასევე ბეჭდვის შემდგომი ოფციებით, მაგალითად, მოოქროვება, ლაკი, ემბოსი და ა.შ. რაც ეტიკეტს ამდიდრებს. პრაქტიკულად არ მოიძებნება ეტიკეტი, რომლის წარმოებას ან ეფექტების ოფციებს ჩვენ ვერ შევძლებთ, შესაბამისად, ქართულ ბიზნესებს სტამბების უცხოეთში ძებნის საჭიროება აღარ უდგათ. კომპანიებს, ჩვენთან იმავე ან უკეთესი ხარისხის ეტიკეტის წარმოება საბოლოო ჯამში უფრო მომგებიან ფასად შეუძლიათ, რადგან როგორც მინიმუმ, საერთო ხარჯებს აკლდება ტრანსპორტირების ხარჯი.
როგორ ფიქრობთ, როცა COVID-19-სგან შექმნილი მდგომარეობა დასტაბილურდება, დაუბრუნდებიან თუ არა აღნიშნული კომპანიები უცხოელ მწარმოებლებს თუ ქართული წარმოების ერთგული დარჩებიან?
დიდი იმედი გვაქვს, რომ დარჩებიან ჩვენთან, რაც ლოგიკური იქნება. გარდა იმისა, რომ ხარისხის, ფასის და ვადების მიმართულებით ბევრად მოქნილია ჩვენთან წარმოება, საქართველოს ეკონომიკაში წვლილის შეტანის საკითხიც მეტად აქტუალურია. მე დარწმუნებული, ვარ რომ ეს თემა მთელი სექტორისთვის მეტად დიდ დატვირთვას ატარებს. მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით, და მოვიწვიო ყველა მსურველი ჩვენს შოუ რუმში ჩუბინაშვილის 50-ში, ჩვენ მიერ წარმოებული ეტიკეტების დიდი არჩევანის და შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის.
როცა საქართველოში COVID-19-ის გამო შეზღუდვების დაწესება დაიწყო, მაშინვე მივხვდით, რომ იმპორტ-ექსპორტის პროცესი შეიძლებოდა, დროში გაწელილიყო და ეს ბიზნესებისთვის გამოწვევად იქცეოდა, ამიტომ დავიწყეთ ზომების მიღება, რათა გაზრდილ შეკვეთებს მომზადებულები შევხვედროდით. ჩვენი მოლოდინები გამართლდა და ეტიკეტებზე შეკვეთებს ისეთი კომპანიებისგან ვიღებდით, რომელთანაც ადრე თანამშრომლობის გამოცდილება არ გვქონია. ვფიქრობ, ისინი ჩვენი მომსახურებით კმაყოფილები არიან და ამ განწყობის შენარჩუნებაზე მომავალშიც ვიზრუნებთ.
რა სიახლეებს შესთავაზებთ მომავალში ბიზნესებს, რომ უცხოურ ბაზრებზე არ გადაწყვიტონ მათთვის საჭირო მასალების მოძიება?
მაგალითად, სულ ახლახან დავიწყეთ ე.წ. ორმხრივი ეტიკეტების წარმოება. წარმოიდგინეთ, მხოლოდ ვიზუალი პირველ გვერდზე და ყველა დამატებითი ტექნიკური მონაცემი მთავარი ეტიკეტის ქვეშ, რომელიც დაინტერესების შემთხვევაში მარტივად შეგიძლიათ გამოაჩინოთ. ასევე, შეგვიძლია სარკისებური ეტიკეტების ბეჭდვა, როდესაც ვიზუალი არის ეტიკეტის, როგორც წინა, ასევე წებოვან მხარეს. რაც საკმაოდ საინტერესოს ხდის დიზაინს.
გარდა ამისა, ჩვენ ვქმნით უნიკალურ ეტიკეტებს, ტექნოლოგიების მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ კორპორაცია HP Inc.- თან, მე არ მეშინია ვთქვა, რომ არსებულ გამოწვევებს მომზადებულები შევხვდით და ამ პერიოდში უფრო მეტადაც განვვითარდით, რაც მოტივაციას გვაძლევს, ეს ტემპი შევინარჩუნოთ.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში ალკოჰოლური სასმელების ეტიკეტების დიდი ნაწილი იმპორტირებულია. არის თუ არა შესაძლებელი ამ პროდუქტზე იმპორტდამოკიდებულების შემცირება?
ყველა დამატებითი ხელსაწყო, რაც ეტიკეტის დასამზადებლად არის საჭირო, იქნება ეს ლაქის ბადე, დანა, ოქრის კლიშე თუ სხვა რამ, ჩვენთან ადგილზე მზადდება. ვფიქრობ, ეს ერთგვარი უპირატესობაა, რადგან უფრო მოქნილებს გვხდის. შესაბამისად, ყველაფერი, რის გამოც მაგალითად, ღვინის მწარმოებლები უცხოური კომპანიებით ინტერესდებიან, ადგილობრივ ბაზარზე გვაქვს.
ამასთან, როგორც არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ისე ზოგადად, ეტიკეტების საქართველოში წარმოება ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება.