ოქრო იმ საექსპორტო პროდუქციის ნუსხაშია, რომლის ექსპორტი 2020 წლის იანვარ-აპრილში კი არ შემცირდა, გაიზარდა კიდეც. წელს 4 თვეში ქვეყნიდან 38,1%-ით მეტი ოქრო გავიდა, ვიდრე შარშან ანალოგიურ პერიოდში. საერთო ჯამში, ამ ძვირფასი ლითონის წილმა ექსპორტის მთლიან მაჩვენელელში 2,9% შეადგინა. 20220 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტირებული იქნა 29,452 მლნ დოლარის ღირებულების ოქრო, წინა წელს კი 21, 320 მლნ დოლარის.
მთავარი ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:
საქართველოში რომ ოქროს წარმოებას უძველესი დროიდან მისდევდნენ, ბევრი ისტორიული ფაქტი მოწმობს. „ბიზნესპრესნიუსი“ აღნიშნულ საკითხე არაერთხელ წერდა. გთავაზობთ ინტერვიუს წიაღის ეროვნული სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტის უფროსთან მერაბ ჩალათაშვილთან, რომელიც „ბიზნესპრესნიუსზე“ რამდენიმე ხნით ადრე გამოქვეყნდა.
-საქართველოში ოქროს არქაული დროიდან მოიპოვებენ. საამისოდ სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ. თავდაპირველად ოქროს ჩვენი წინაპრები ე.წ. საცრის მეთოდით მოიპოვებდნენ: ამ დროს ქვიშრობული ოქრო გობის ფორმის ჭურჭელში ირეცხება და ქვიშაში არსებული ხალასი ოქროს მარცვლები ცხრილში რჩება. ეს ძველისძველი მეთოდია, რომელსაც სვანეთშიც იყენებდნენ და სამხრეთ საქართველოშიც, კერძოდ, ბოლნისის ტერიტორიაზე. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ოქროს ქიმიური დამუშავებაც დაიწყეს. ამ დროს ოქროს გამოყოფა ხდება სხვა მადნებიდან - ძირითადად, ციანიდის და შხამქიმიკატების დახმარებით. ქიმიური დამუშავების მეთოდს იყენებს „არემჯი გოლდი“, რომელიც ჯერჯერობით ერთადერთი ოქროს მომპოვებელი კომპანიაა საქართველოში. ეს კომპანია ოქროს გადაამუშავებს და უცხოეთის ქვეყნებში კონცენტრატის სახით გააქვს. „არემჯი გოლდის“ გარდა გვყავს სხვა ლიცენზიანტებიც, რომლებიც ჯერ შესწავლის ეტაპზე არიან.
-სად არის ოქროს ყველაზე დიდი მარაგები საქართველოში?
-პირველ რიგში ასეთი ადგილია ბოლნისის მადნიანი ველი და ზოგადად, სამხრეთ საქართველო, გარდა ამისა, სვანეთში, სოფელ იელშიც გვაქვს ქვიშრობული ოქროს საკმაო მარაგი. იქ ეს მარაგი ჩინურმა კომპანიამ მოიძია, მაგრამ სვანებმა პრობლემები შეუქმნეს და ამჟამად ვერ მუშაობენ.
-ამას სვანეთში ეკოლოგიური პრობლემები ხომ არ მოჰყვებოდა?
-ეკოლოგია აქ არაფერ შუაშია, რადგან ქვიშრობული ოქროს მოპოვება ერთ-ერთი ყველაზე სუფთა მეთოდია, რომლითაც გარემოს ყველაზე ნაკლები ზიანი ადგება. წარმოიდგინეთ ქვიშა, სადაც ოქროს მარცვლებია. დანადგარი ქვიშას იღებს და ცხრილებში ატარებს, ქვიშა ირეცხება და ოქროს წვრილი მარცვლები ცალკე იყრება. ეს სუფთა მექანიკური დამუშავებაა, რომლის დროსაც ქიმიური პრეპარატების გამოყენება არც შეიძლება. ადგილობრივების არგუმენტი ასეთი იყო: ისინი ქვეყნის სიმდიდრეს არავის გაატანენ, სხვათა შორის, ისინი ოქროს თავადაც მოიპოვებენ, თუმცა, კუსტარული წესით. მაგრამ ეს სახელმწიფო ქონებაა და ამ მხარის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იელში აღმოჩენილ ოქროს მარაგს ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუნდაც იმიტომ, რომ წიაღით სარგებლობის მოსაკრებელი ადგილობრივ ბიუჯეტში შედის.
-კიდევ რა ადგილებშია ოქროს მოპოვება პერსპექტიული?
-საერთოდ, არსებობს საბადო და პერსპექტიული უბანი. საბადო ის ადგილია, სადაც ოქროს მარაგი უკვე მოძიებული და შესწავლილია. ასევე არის უბანი, სადაც ძვირფასი ლითონების არებობის ნიშნები აშკარაა, მაგრამ ამ შრეების ზუსტი განლაგება და რაოდენობა არ ვიცით. ამას სპეციალისტები „გამოვლინების უბანს“ უწოდებენ, ის პერსპექტიულ უბნად არის მიჩნეული და ხელახალ გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოებს საჭიროებს. ასეთი კვლევა საკმაოდ ძვირი ჯდება, რის გამოც სახელმწიფო მსგავს კვლევებს აღარ ატარებს. ის მთლიანად კერძო კომპანიების ხელშია გადასული. ამ საქმიანობისთვის სპეციალური ლიცენზია გაიცემა.
- რაც შეეხება საერთოდ ქართულ ოქროს, როგორია ის, ვგულისხმობ ხარისხობრივ მაჩვენებელს?
-ქართული ოქრო საკმაოდ ხარისხიანია. ამბობენ, რომ ოქროს, როგორც ადამიანს, თავისი გენეტიკური კოდი აქვს, რომლის დადგენაც თურმე საკმაოდ იოლი ყოფილა. ქართული ოქროს გარჩევაც ადვილია. სხვათა შორის, პატარა ქვეყნისთვის ოქროს საკმაო რაოდენობა გვაქვს. ბიუჯეტის შემოსავლებშიც ოქროს და წიაღისეულს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მთელ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყანა ოქროს მოპოვების მხრივ არის რუსეთი, მას მოსდევს სამხრეთ აფრიკა, კანადა, ავსტრალია - ეს ქვეყნები ოქროს მსხვილი მომპოვებლები არიან. მართალია, მათ ვერ შევედრებით, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მასშტაბებიდან გამომდინარე, ოქროს საკმაო მარაგი გვაქვს. თანაც, გვაქვს პერსპექტიული უბნები, რომლის გამოკვლევამ საკმაოდ კარგი შედეგი უნდა მოგვცეს.
-რომელი ადგილებია ამ მხრივ გამორჩეული?
- პირველ რიგში კავკასიონის სამხრეთი ფერდი - სვანეთიდან და რაჭიდან დაწყებული ზოლი, რომელიც ლამის, კახეთამდე მიდის. კავკასიონის სამხრეთ კალთებზე გამომავალ მდინარეებში ბევრგან არის ოქროს ნიშნები, რომელიც ამ მდინარეების ქვიშას მოაქვს. ოქროს მოპოვების მხრივ ძალზე პერსპექტიული ადგილია ბოლნისის მადნიანი ველი, სადაც კვლევები ახლაც მიმდინარეობს, ასევე უაღრესად პერსპექტიულია თრიალეთის ქედზე არსებული ღაღვი-გუჯარეთის უბანი - ადიგენის მუნიციპალიტეტიდან წალკის მუნიციპალიტეტამდე. მასში შედის ხაშურის, ბორჯომის და ქარელის ტერიტორიაც. ეს ძალიან პერსპექტიული ადგილებია არა მარტო ოქროს, არამედ სხვა პოლიმეტალების და ფერადი ლითონების მოპოვებისთვის. პერსპექტიული ადგილია გურია - ზოტის უბანი.
ასევე - მერისის მადნიანი კვანძი, რომელიც აჭარაში მდებარეობს. ამ უბნებში ოქროსთან ერთად არის სპილენძი, კობალტი და სხვა ძვირფასი ლითონები. საბადოს სახელი იმის მიხედვით ერქმევა, თუ რომელი ლითონის შემცველობაა იქ მეტი, შეიძლება სპილენძი იყოს მეტი და ოქრო - ნაკლები, ან - პირიქით. მე უმნიშვნელოვანეს სიახლედ მიმაჩნია, რომ „კავკასიის სამთო ჯგუფმა“ ბოლნისის მადნიან ველზე, ბექთაქარის საბადოს ერთ-ერთ უბანზე, ოქროს სერიოზული მარაგს მიაკვლია. ეს პერსპექტიული და საინტერესო უბანია, სადაც საკმაო რაოდენობით ოქროს მოპოვება შეიძლება.
-თქვენი აზრით, მოპოვების ზრდის შემთხვევაში ოქროს გატანა ექსპორტზე როგორ უნდა მოხდეს?
-ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ ნედლეულის გადამუშავება ადგილზე ხდებოდეს, ექსპორტზე უკვე მზა პროდუქცია უნდა გადიოდეს და არა - ნედლეული, ან ნახევარფაბრიკატი. ეს ნიშნავს მეტ დასაქმებულ ადამიანს, ახალ სამუშაო ადგილებს, ეკონომიკურ წინსვლასა და განვითარებას. საქართველოში იმდენი ოქრო მოიპოვება, რომ ის მარტო ადგილობრივი ბაზრისთვის ბევრია. რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა ექსპორტზე ქართული ოქროთი დამზადებული ნაკეთობები გადიოდეს და არა - ნახევარფაბრიკატები, თუმცა, ეს ბიზნესის თემაა და იმის მიხედვით წყდება, კომპანიისთვის რა უფრო მომგებიანია. დასასრულ ვიტყოდი, რომ თუ ქართველები ამ სიმდიდრეს რაციონალურად გამოვიყენებთ, ჩვენი ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაწინაურდება და განვითარდება.