საიდუმლო გაცხადდა, თუ თქვენი პროდუქტი ყოველ წელს 8 მილიონ ადამიანს კლავს, ე.ი. თქვენი ახალი სამიზნე მომავალი თაობაა,-ასე ეხმაურება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თამბაქოს გარეშე მსოფლიო დღეს, რომელიც უკვე 33 წელია, ყოველ 31 მაისს აღინიშნება.
თამბაქოს კონტროლის ალიანსის ცნობით, მედიკოსები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები, მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ, კაცობრიობას მთელი სიმწვავით დაანახონ თამბაქოს მოხმარების შედეგად შექმნილი გლობალური პრობლემები.
მათივე ინფორმაციით, ლეგალურად მკვლელ პროდუქტად მიჩნეული თამბაქოს ნაწარმის მოხმარებით გამოწვეული დაავადებებით მსოფლიოში უამრავი ადამიანი იტანჯება, უამრავიც ნაადრევად, მომაკვდინებელი სენით, ტანჯვით ასრულებს სიცოცხლეს.
„მწეველი მშობლების გამო შვილებს ჯერ კიდევ მუცლადყოფნის დროს ექმნებათ პრობლემები, ხშირად საბედისწერო. შესაბამისად, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ თამბაქოს პანდემია კაცობრიობას ანადგურებს. საბედნიეროდ არსებობს მისგან დასაცავი საუკეთესო იარაღი, მოწევაზე თავის დანებება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველი წლის 31 მაისს, წლიდან წლამდე განსაკუთრებით აქტუალური თემის პროპაგანდას ეწევა და გზავნილსაც შესაბამისად არჩევს. წელს 31 მაისის მთავარი გზავნილია, დავიცვათ ბავშვები და ახალგაზრდები თამბაქოს ინდუსტრიის მანიპულაციისაგან.
საქართველოში აქტუალურია მოზარდებში მწეველობის პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თამბაქოს კონტროლის კანონი გვაქვს, რომლითაც სრულად აიკრძალა თამბაქოს ნაწარმის გარე რეკლამები ბილბორდებზე და ლაით ბოქსებზე, სავაჭრო დაწესებულებების ვიტრინებში თამბაქოს ნაწარმი აღარ ჩანს, თამბაქოს რეკლამა არც ტელვიზიითა და სხვა, მედია საშუალებებით არ კეთდება. თამბაქოს ინდუსტრია სხვადასხვა მარკეტინგული ხრიკებით ყველაფერს აკეთებს, რათა ბაზარზე უწყვეტად ჰყავდეს ახალი თაობა, რომელიც თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებებით გარდაცვლილ მომხმარებელს ჩაანაცვლებს. ახალი თაობისთვის, როგორც უცხო ხილი, განსაკუთრებით მიმზიდველი და ამავე დროს იოლად ხელმისაწვდომია ელ სიგარეტები და მათი ნაირსახეობები“,- აღნიშნულია თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტების და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კვლევებით არაერთხელ გახმაურდა მოზარდებში მწეველობის მწვავე პრობლემა, სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტი არაფერს აკეთებს ამ პრობლემის შესამცირებლად.
„მეტიც, ცოტა ხნის წინ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავდა თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებათა პროექტს, რომლის თანახმად გასახვევი თუთუნის გაყიდვა, შესაძლოა 15 გრამიანი შეფუთვითაც დაიშვას.
პარადოქსია, მაგრამ კანონში ცვლილების ინიციატორებს მოსმენაც კი არ უნდათ იმ პრობლემის შესახებ, რასაც იაფად ხელმისაწვდომი თუთუნი პირველ რიგში მოზარდებს და ახალგაზრდებს შეუქმნის. პარადოქსია ისიც, რომ მსოფლიოს თამბაქოსთან ბრძოლის წლის დევიზია თამბაქოს ინდუსტრიის ზემოქმედებისგან ბავშვების დაცვა, საქართველოს პარლამენტი კი, სწორედ ამ წელს ცდილობს კანონში ისეთი ცვლილების მიღებას, რომელიც გამანადგურებელ დარტყმას პირდაპირ მომავალ თაობას მიაყენებს. დასანანია, რომ არაფერი კეთდება თამბაქოს ინდუსტრიის მავნე ზეგავლენისგან მოზარდების და ახალგაზრდების დასაცავად, თამბაქოს ინდუსტრიის მავნებლობის გამოსააშკარავებლად. ლეგალურად მკვლელი პროდუქტის მწარმოებელი ინდუსტრიაც საქართველოში, ყოველდღიურად ასობით არასრულწლოვანს ამ უძლიერეს ნარკოტიკზე დამოკიდებულს ხდის.
ყოველწლიურად მსოფლიოში 8 მილიონი ადამიანი იღუპება, აქედან 1,2 მილიონი პასიური მწეველობის მსხვერპლია. საქართველოში, ყოველი მეხუთე ადამიანი თამბაქოს და მისი სხვადასხვა პროდუქტის (ელ. სიგარეტი, ვაპოვაიზერი, გახურებადი თამბაქოს ნაწარმი) მოხმარებით იღუპება, ყოველდღიურად ამ სენის გამო 30 ადამიანს ვკარგავთ, მათგან 8 არამწეველია და ამ არამწეველებიდან ერთი ბავშვია“, - აღნიშნულია თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს უარი თქვან გასახვევი თუთუნის 15 გრამიანი შეფუთვის დაშვების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებაზე.
„ხელისუფლებას მოვუწოდებთ, უარი თქვან გასახვევი თუთუნის 15 გრამიანი შეფუთვის დაშვების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებაზე და ასევე, თამბაქოს ტრანსნაციონალურ კომპანიებს საშუალება არ მისცენ, პოპულარიზაცია გაუწიონ ელ. სიგარეტებს და გახურებადი თამბაქოს ნაწარმს, რაც ყველაზე მეტად პოპულარული და მიმზიდველი სწორედ ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვისაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ საიდუმლო აღარ არის ყოველწლიურად 8 მილიონი ადამიანის თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებებით სიკვდილი, ჩვენ დავამატებთ, დიახ, საიდუმლო გაცხადდა, ნუ მოკლავთ ბავშვებს თქვენი ბიზნესისათვის“, - აცხადებენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში.