შეზღუდვები, რომლებიც დღეიდან იხსნება - რა წესების დაცვა მოუწევთ ბიზნესოპერატორებს

1-ლი ივნისიდან ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები, ღია და დახურული ტიპის ბაზრობები და ღია სივრცის რესტორნები იხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

გახსნამდე ჯანდაცვის სამინისტრომ ყველა ობიექტისთვის სპეციალური რეკომენდაციები შეიმუშავა.

სავაჭრო მოლები/მაღაზიები

ჯანდაცვის მინისტრის მიერ სავაჭრო მოლებსა და სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებით დამტკიცებული რეკომენდაციების მიხედვით, ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახები არ უქმდება, თუმცა აღნიშნული ოთახების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება 2-საათიანი ინტერვალებით უნდა მოხდეს. ასევე სრული დეზინფექცია უნდა ჩატარდეს სამუშაო დღის ბოლოს.

დოკუმენტის თანახმად, სავაჭრო ცენტრების შესასვლელთან თერმოსკრინინგის კამერის საშუალებით უნდა გაკონტროლდეს პერსონალის/მომხმარებლების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. უნდა მოხდეს დისტანციის დაცვა. მოლის საერთო სივრცეში 10 მ2 ფართზე 1 ადამიანის, ხოლო ინდივიდუალური ფართით მოსარგებლეთა სივრცეში 5 მ2 ფართზე 1 ადამიანის დაშვება უნდა მოხდეს. ამასთან, მოლის სივრცეში მომხმარებლები პირბადის გარეშე არ დაიშვებიან.

ამასთან, რეკომენდაციაა, რომ მოხდეს უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის შემდგომი შესაბამისი დადგენილების გამოცემამდე, აკრძალულია სავაჭრო ცენტრებში არსებული კინოთეატრებისა და გასართობი ცენტრების, ასევე კვების ობიექტების საქმიანობები.

ბაზრობები

1-ლი ივნისიდან ნებადართული ხდება ღია და დახურული ბაზრობების ფუნქციონირება. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ბაზრობებისთვის დადგენილი რეკომენდაციების მიხედვით, ბაზრობის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია მომხმარებელთა/მყიდველთა შორის; ასევე დაცული უნდა იყოს დისტანცია დახლებს შორის, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება შესაბამისი დისტანციის დაცვა, გამოყენებული უნდა იყოს დროებითი გამყოფი. გარდა ამისა, სავაჭრო დახლების წინ უნდა მოინიშნოს უსაფრთხო დისტანცირების მაჩვენებელი პირობითი ნიშნით. დაუშვებელია ბაზრობის ტერიტორიაზე მომხმარებელი პირბადისა და ხელთათმანის გარეშე შესვლა.

დახურული ტიპის ბაზრობების შემთხვევაში სავაჭრო ობიექტის შესასვლელში უნდა განთავსდეც დეზობარიერები. ყოველი ცვლის შემდგომ უნდა გამოიყენნს სანიტარული შესვენებები; შენობაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამუშაო პროცესში ბუნებრივი ვენტილაციის უწყვეტი რეჟიმი. ბუნებრივი ვენტილაციის შეუძლებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფა უნდა მოხდეს უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით;

ამასთან უნდა მოხდეს შენობის სისტემატური დასუფთავება და ნარჩენების დროული გატანა; ინდივიდუალური სავაჭრო ფართით მოსარგებლე პირმა შესასვლელში უნდა უზრუნველყოს ხელის ანტისეპტიკური საშუალებების განთავსება.

ღია სივრცის რესტორნები

პირველი ივნისიდან იხსნება რესტორნებიც, თუმცა მხოლოდ ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები.

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების მიხედვით, რესტორნებში დაცული უნდა იყოს შემდეგი წესები:

  • მომხმარებელთა მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;
  • სკამების საზურგეებს შორის - მანძილი არანაკლებ 1 მეტრისა;
  • 1 მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს 6 მომხმარებლისა;
  • დამატებით, გამონაკლისის სახით შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;
  • იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი. გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი;
  • სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით;
  • უზრუნველყავით შენობების გარეთ მაგიდებსა და საფეხმავლო სივრცეს შორის უსაფრთხო დისტანციის დაცვა.