ეს არის სწორედ იმ ახალი კონცეფციის დადასტურება, რითიც ჩვენ ხელახლა ვაცნობთ მსოფლიოს საქართველოს, როგორც ყველაზე უსაფრთხო დანიშნულების ადგილს, ტურისტულად, ეპიდემიოლოგიურად ყველაზე მეტად უსაფრთხო ქვეყანას , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ევროპაში პოპულარული სამოგზაურო პლატფორმის - European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, ბათუმი და თბილისი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დასახელდა.
რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს, ბათუმი კი, მეშვიდე ადგილით ევროპის უსაფრთხო ტურისტული მიმართულებების ტოპ-ათეულშია.
„პირველი ივლისიდან საერთაშორისო ვიზიტორებს შევთავაზებთ მთლიანად საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ორი დიდი ქალაქი - თბილისი და ბათუმი აღიარებულია, როგორც ყველაზე მეტად უსაფრთხო ტურისტული დანიშნულების ადგილი“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, European Best Destinations ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობა- პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ორგანიზაციის მთავარი პორტალი European Best Destinations. com, რომელიც ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული ვებგვერდია ევროპაში, მოგზაურებს სხვადასხვა ტურისტული მიმართულებების შესახებ აწვდის ინფორმაციას.
აღსანიშნავია, რომ სტატიაში პოპულარული პორტალი ხაზს უსვამს „კოვიდ 19“-თან მიმართებაში საქართველოს მიღწევებს, ხოლო თბილისსა და ბათუმს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ტოპ 10-ში ასახელებს.