„მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ირაკლი როსტომაშვილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილება ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
"არსის" ინფორმაციით, იპოთეკური სესხების სახელმწიფო სუბსიდირების გადაწყვეტილებამ გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია და არაერთი მოსაზრება გაისმა ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ. კერძოდ, მთავრობის 28 მაისის გადაწყვეტილება, ლარში აღებულ იპოთეკურ სესხებზე დარიცხულ საბანკო გადასახადიდან 4%-ის სუბსიდირებას ითვალისწინებს 5 წლის განმავლობაში. საუბარია ყველა იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც 2020 წლის ბოლომდე დაიდება. თვალსაჩინოებისთვის, თუ მსესხებელი ბანკიდან სესხს წელიწადში 11%-ად აიღებს, მას მხოლოდ 7%-ის გადახდა მოუწევს.
"ნებისმიერი კრიზისი ყველაზე მაგრად ურტყამს უძრავი ქონებისა და სამშენებლო ბიზნესს. დღევანდელ შემთხვევაშიც, ტურიზმის შემდეგ ყველაზე დიდ დარტყმას უძრავი ქონება მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ეს არის დარგი, რომელშიც ყველაზე მეტი ადამიანია დასაქმებული - მუშიდან დაწყებული არქიტექტორით დამთავრებული, ასევე, ზუსტად ეს დარგი არის ძირითადი და პირველი რგოლი ეკონომიკურ ჯაჭვში - როცა იყიდება ბინა, ამის შემდეგ აქტიურდება უამრავი მომიჯნავე დარგი - დაწყებული ადგილობრივი სამშენებლო მასალების წარმოებით, სარემონტო კომპანიებით, სარემონტო მასალის იმპორტით და დამთავრებული ტექნიკითა და ფარდებით. შესაბამისად, სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა სხვა ბიზნესებისთვისაც დიდი სტიმულია, ასევე, სტიმულირების ეს პაკეტი და პროგრამა ხელს შეუწყობს დეველოპერულ სექტორში სტაბილურობის შენარჩუნებას, ეკონომიკის ამუშავებას. ეს პროგრამა მისცემს შესაძლებლობას, რომ არ დარჩეს უმუშევარი, მინიმუმ 20 000 ადამიანი და ისევ არ დავდგეთ შეჩერებული მშენებლობების პრობლემის წინაშე, რაც 2008-ში უკვე გამოვიარეთ“, - აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.
მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს, როცა ეკონომიკური კრიზისის გამო სამშენებლო ბიზნესი გაჩერდა, ამას რამდენიმეკვირიან ინტერვალში, სამშენებლო ბაზრობების და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების ვაჭრობის განულება მოჰყვა.
„მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ჯაჭვი, რომელიც ბინის მშენებლობიდან იწყება. ადამიანი, რომელსაც ბინა არ შეუძენია, წინასწარ არ ყიდულობს, მაგალითად, სააბაზანო ოთახის აღჭურვილობას და ა.შ.“ - აღნიშნავს ირაკლი როსტომაშვილი. მისივე განცხადებით, ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის სახელმწიფო იღებს ხარჯს, რაც აუცილებელია. ასე ხდება ინვესტიციების მოსაზიდად, ტურიზმის განვითარებისთვის და სხვა სექტორების ეფექტიანი მუშაობის ხელშეწყობისთვისაც. ასეთივე მხარდაჭერა იყო საჭირო კორონავირუსული პანდემიის დროს სამშენებლო სექტორისთვისაც და მთავრობამ ეს გაითვალისწინა.
„ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით ყველგან გჭირდება ფულის ჩადება, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია მოიზიდო და, შესაბამისად, გადასახადები ამოიღო. ისეთივე პრინციპია, მაგალითად, ტურიზმის ბიზნესში, თანხა იდება ტურიზმის სააგენტოს მუშაობაში, რათა ტურისტების მოზიდვა მოხდეს, მაგალითად, სარეკლამო კამპანიები გაკეთდეს, რომელიც იაფი არ ღირს და ა.შ. ეს არის აუცილებელი“, - აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.
მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე იმ მოსაზრების ავტორებსაც პასუხობს, ვინც სექტორში მოქმედი კომპანიების დიდ მოგებაზე ამახვილებს ყურადღებას.
„ხშირად არის ხოლმე საუბარი, რომ სამშენებლო ბიზნესის მარჟები დიდია და დეველოპერულ კომპანიებს კარგი მოგება აქვთ, ეს ასე არ არის. დეტალურად რომ ნახოთ, რა ჯდება სამშენებლო მასალები, მიწის გადასახადი, მშენებლობის ნებართვა, კომუნიკაციების გაყვანა, ტრანსპორტის კვლევა და ა.შ. ნახავთ, რა გამოვა მარჟის ოდენობა. არ შეიძლება ყველაფერზე ციფრების დათვლის გარეშე საუბარი - თუ პროფესიონალებს არ გვენდობით, დათვალეთ და ნახავთ, რამხელა ეფექტი ექნება სახელმწიფოს ამ პროგრამიდან“, - აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.
როგორც ექსპერტი განმარტავს, სახელმწიფოს მიერ ამ დარგში სუბსიდიის გაწევა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა როგორც მოქალაქეებისთვის, ისე ბიზნესისთვის.
„სახელმწიფომ ჩათვალა, რომ ეს დარგი მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის და შესაბამისად, მის მხარდასაჭერად შეიმუშავა გეგმა, რომელიც, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, სხვა დარგების სტიმულირებასაც გამოიწვევს. მოქალაქეს, ვინც ბინის შეძენას გადაწყვეტს, საპროცენტო განაკვეთი თუ ექნებოდა, მაგალითად, 12%, ამის ნაცვლად ექნება 8% და ეს ცუდია? ეს არის, რა თქმა უნდა, კარგი, რადგან მათ, ვინც ბინას მაღალი პროცენტის გამო ვერ ყიდულობდა, ახლა ნაკლების გადახდა მოუწევს, ხოლო ამ ტრანსაქციიდან შემოსული გადასახადი, ბევრად უფრო მეტია, ვიდრე სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯი. გარდა ზემოჩამოთვლილი ფაქტორებისა, აღნიშნული სტიმულირების პროგრამა, დეველოპერებს მისცემს იმის საშუალებას, რომ გაყიდვების მინიმალური ნიშნული შეინარჩუნოს. რაც გამოიწვევს არა მარტო სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, არამედ ახალი პროექტების დაწყების შესაძლებლობასაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.
მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ყურადღებას ამახვილებს, ასევე, მთავრობის მიერ დევნილის სტატუსის მქონე პირებისთვის ბინების შეძენაზე და აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის სოციალური მშენებლობების ქალაქის პერიფერიებში განხორციელება ადგილზე კაპიტალიზაციის ზრდას უწყობს ხელს და ეს ნამდვილად სწორია.
„ძალიან მნიშვნელოვანია დევნილების საკითხიც. 5-6 წლის წინათ იყო ინიციატივა, რომ აპირებდნენ დევნილებისთვის ცალკე სახლების აშენებას, რასაც ჩვენ შევეწინააღმდეგეთ. ეს არ არის სწორი, რომ დევნილებისთვის ცალკე „გეტო“ გავაკეთოთ, რადგან ისინი ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან და სხვა მოქალაქეებთან ერთად უნდა ცხოვრობდნენ. ვფიქრობ, მთავრობის განცხადება, რომ გაუყიდავი ბინების ნაწილს თავად შეიძენს, მნიშვნელოვანია. ფასი, რომელსაც სახელმწიფო ამ შემთხვევაში გადაიხდის, არ არის მისაღები ცენტრალურ უბნებში მომუშავე კომპანიებისთვის, შესაბამისად, ჩნდება შესაძლებლობა, რომ პერიფერიებში განვითარდეს მშენებლობები და იქ ადგილის კაპიტალიზაცია გაიზარდოს, რაც, ასევე, მნიშვნელოვანია ცენტრალური უბნების განტვირთვისთვის“, - აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.