"საქსტატის" მონაცემებით, შარშანდელ აპრილთან შედარებით, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16,6%-ით შემცირდა. ბოლო ათწლეულში ეს ერთ თვეში დაფიქსირებული ეკონომიკური ვარდნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2020 წლის პირველი ოთხი თვის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა უკვე 3,6%-ით არის შემცირებული. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 34%-ით მოიკლო სამშენებლო პროდუქტების იმპორტმა, 87%-ით მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა, ხოლო 27%-ით ნავთობპროდუქტების იმპორტმა. გარდა ამისა, 95%-ით შემცირდა საერთაშორისო არარეზიდენტი ვიზიტორების შემოსვლა ქვეყანაში. შეიძლება თუ არა შეფასდეს ასეთი ვარდნა როგორც დრამატული შედეგების მქონედ და რა პროგნოზებს აკეთებენ ექსპერტები ასეთი მონაცემების საფუძველზე, ამ შეკითხვით ეკონომისტსა და სტატისტიკოს სოსო არჩვაძეს მივმართეთ.
- ეკონომიკური ვარდნა მოსალოდნელი იყო, რადგან პანდემიამ ყველა ქვეყანასა და, ფაქტობრივად, ყველა ოჯახში შეაღწია. შესაძლოა საქართველოში ეკონომიკური ვარდნა უფრო მეტიც ყოფილიყო, რომ არა ის ზომები, რაც საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლაში გატარდა. უპირველესად კი ეს ჩვენი საზოგადოების მოწესრიგებულობისა და დიდი პასუხისმგებლობის დამსახურებაა, რამაც სახელმწიფოს ათეულობით და შესაძლოა ასეულობით მილიონი ლარი დაუზოგა.
ჩვენ რომ ისეთივე უპასუხისმგებლობა გამოგვეჩინა, როგორიც იტალიელებმა ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე, ან რისი მაგალითიც ახლა გვაქვს სომხეთში, გაცილებით მეტი სახსრების მობილიზება დაგვჭირდებოდა ჯანდაცვის ფრონტზე და შესაბამისად, ნაკლები დაგვრჩებოდა ეკონომიკის სტიმულირებისთვის და მოსახლეობის დასახმარებლად.
ასეთივე ჩავარდნა ეკონომიკაში წინა წლებშიც გვქონია. მაგალითად, 2008-2009 წლებში, როცა რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ ეკონომიკას ძალიან გაუჭირდა. კვარტალურად თუ გადავხედავთ, 2008 წლის პირველ და მეორე კვარტალში თითქმის 10%-იანი მატების შემდგომ მესამე კვარტალში თითქმის 5%-იანი ვარდნა გვქონდა, ხოლო 2009 წელს - ორნიშნა ეკონომიკური ვარდნა როგორც პირველ, ისე მეორე კვარტალში, შესაბამისად, 11,4% და 14,4%. მაგრამ ესეც არ იყო საქართველოსთვის რეკორდული. ყველაზე მძიმე წელი 1993 წელი იყო. ჩვენ ეს წელი გვახსოვს როგორც სოხუმის დაცემის წელი, მაგრამ ეკონომიკაშიც მძიმე სურათი გვქონდა, როცა ვარდნა 40,4% იყო წინა წელთან შედარებით.
მაისში კვლავ გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ვარდნა, მაგრამ ის გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე აპრილში გვქონდა. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ მაისში უკვე დაიწყო განსაზღვრული აქტივობა. მაისის შემდეგ ეკონომიკური ვარდნის ტემპი ყოველთვიურად შემცირდება და ოთხი-ხუთი თვის თავზე 3,5-4% იქნება.
- რამდენად დიდია ეკონომიკის 16,6%-იანი ვარდნა, თუნდაც სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით?
- ყველაფერი შეფარდებითია. ჩვენზე ძლიერი ეკონომიკის ქვეყნებსაც გაუჭირდათ. ბევრი ქვეყანა მხოლოდ კვარტალურად ითვლის ეკონომიკურ ზრდას და ცოტა რთულია თვეების მიხედვით საქართველოს მონაცემთან შედარება. მაგალითად, რუსეთში აპრილში 28%-იანი ეკონომიკური ვარდნა იყო. პირველ კვარტალში თუ ჩვენ 1,5%-იანი ზრდა გვქონდა, იმავე პერიოდში იტალიაში 4,7%-იანი ვარდნა იყო, გერმანიაში - 2,2%-იანი, ევროკავშირში კი 3,8%-იანი. თუ მეორე კვარტალის პროგნოზებს ავიღებთ, მაგალითად, თურქეთში დაახლოებით 9%-იან ვარდნას ვარაუდობენ, გერმანიაშიც ანალოგიურ მაჩვენებელს ელიან, იტალიაში 5%-ს ვარაუდობენ და ამდენივეს აშშ-ში. მსოფლიო მასშტაბით კი, სავალუტო ფონდის შეფასებით, ეკონომიკა წლეულს 3-3,5%-ით შემცირდება შარშანდელთან შედარებით, ხოლო განვითარებული ქვეყნები 2021 წელსაც ვერ მოახერხებენ 2019 წლის დონეზე გასვლას. მსოფლიო ეკონომიკა წლეულს ვერ მიიღებს 9-10 ტრილიონ დოლარამდე ეროვნულ პროდუქტს, რაც მსოფლიო გლობალური ეკონომიკის 1/10-ზე მეტია. ასეთ ფონზე საუბარი საქართველოზე, რატომ გვაქვს ასეთი ვარდნაო, ცოტა უხერხულია.
ჩვენ იმპორტზეც ვართ დამოკიდებული, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ექსპორტით ცხოვრობს და ამიტომ შეუძლებელი იყო ჩვენი ეკონომიკა ამ მსოფლიო რყევების დროს კოლბაში ჩაკეტილი გვქონოდა.
- რამდენად პასუხობს ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა იმ გამოწვევებს, რის წინაშეც ეკონომიკის ესა თუ ის სექტორი აღმოჩნდა? სხვათა შორის, მთავრობის ერთ-ერთი ბოლო ინიციატივა დეველოპერული სექტორის სტიმულირებას შეეხება და ეკონომიკის ვარდნაში ამ სექტორზე ერთ-ერთი დიდი წილი უჭირავს.- მშენებლობა დანარჩენი ეკონომიკის ამძრავი ღვედია, რადგან ის ქმნის მოთხოვნას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სამშენებლო პროდუქციაზე, რითაც სტიმულს აძლევს მრეწველობას, ქმნის მოთხოვნას ტრანსპორტსა და კომუნიკაციებზე, ქმნის მოთხოვნას სამომხმარებლო საგნებზე, იქნება ეს ბინებისა თუ ოფისების კეთილმოწყობა და ა.შ. მთავრობის სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ იმპულსი მისცეს იმ დარგს, რომელიც შემდეგ სხვებსაც აიყოლიებს და დააჩქარებს ეკონომიკის განვითარებას.
- პრემიერმა პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ ახლა პოსტკრიზისულ გეგმაზე ლაპარაკი უპასუხისმგებლობაა, რადგან არავინ იცის, როგორ შეიცვლება მსოფლიოში მოთხოვნა-მიწოდება 2-3 ან თუნდაც 4 თვის შემდეგ...
- ზოგის შეფასებით, პარლამენტში გამოსვლისას მთავარი გამარჯვება პრემიერმა ოპოზიციასთან პოლიტიკურ კაფიაობაში მოიპოვა, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ მთავრობის მთავარი გამარჯვება ის შედეგია, რაც კორონავირუსთან ბრძოლაში გვაქვს. ადამიანებს დღევანდელ საჭიროებებთან ერთად სჭირდებათ იმედი, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება. როცა შედარებას ვახდენთ ჩვენს უშუალო მეზობელთან, ვხედავთ, რომ ჩვენთან მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. მაგალითად, მოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე ინფიცირებულთა რაოდენობას თუ შევადარებთ, საქართველოზე მეტი, თითქმის ორჯერ, ინფიცირებული ჰყავს აზერბაიჯანს, თურქეთს 9,9-ჯერ, სომხეთს 10-ჯერ და რუსეთს 12-ჯერ, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა საქართველოსთან შედარებით აზერბაიჯანში მეტია თითქმის 40%-ით, რუსეთში 7-ჯერ, სომხეთში 8-ჯერ და თურქეთში 16-ჯერ. ეს მონაცემები იმედისა და ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთვის დასრულდა ქვათა მიმოფანტვის ჟამი. 16,6%-იანი ეკონომიკური ვარდნა იყო ის ძირი, რომელზეც ჩვენ წყალში ჩაძირვისას ფსკერს დავკარით ფეხი და ახლა ნელ-ნელა ზემოთ უნდა ამოვიდეთ. ჩვენ უკვე გვაქვს საშუალება დღევანდელი შედეგებით ამაყად გავუსწოროთ თვალი ჩვენს მეზობლებსა და სხვა სახელმწიფოებს. ეს არის როგორც ხელისუფლების, ისე მოსახლეობის ამ ბოლო თვეების დაძაბული შრომის დიდი მონაპოვარი.
წყარო: „კვირის პალიტრა"