გოგიტა თოდრაძის განცხადებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის მაჩვენებლის გაუქმებას საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის მაჩვენებლის გაუქმებას საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება.

გოგიტა თოდრაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ არ არსებობს საერთაშორისო მეთოდოლოგია საარსებო მინიმუმის დათვლასთან დაკავშირებით და ეს მაჩვენებელი რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნაში გაიანგარიშება. მისივე თქმით, მომხრეა, რომ საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი სხვა საერთაშორისოდ აღიარებულ მაჩვენებლით ჩანაცვლდეს.

„პრობლემაა, რომ არ არსებობს საერთაშორისო სტანდარტი. ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის ბრძანების საფუძველზე დამტკიცდა მინიმალური სასურსათო კალათა, რომელიც შეიძლება არის მოძველებული და საჭიროებს განახლებას. სწორედ ამ კალათის საფუძველზე ვახდენთ დაკვირვებას. მე ვერ ვეთანხმები პოზიციას, რომ ეს მეთოდოლოგია არის მხოლოდ ჩვენს ხელში. მთავრობის დადგენილებითაა დამტკიცებული საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგია და არსებობს კანონი საარსებო მინიმუმის შესახებ, სადაც წერია, რომ ამ მეთოდოლოგიის ცვლილება შესაძლებელია მთავრობის დადგენილებით საქსტატის, ფინანსთა, ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტროების ერთობლივი ინიცირების საფუძველზე.

მე უფრო ვიხრები იქითკენ, რომ ამ მაჩვენებლის ნაცვლად შემოღებული იქნას საერთაშორისოდ აღიარებული მაჩვენებელი, მაგალითად, როგორიცაა სიღარიბის ზღვარი. ისიც მოგეხსენებათ, რომ ამ მაჩვენებლის გაუქმებისთვის საკონსტიტუციო ცვლილება იქნება საჭირო,“-აღნიშნა თოდრაძემ.