„საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის შემთხვევაში, ის გარკვეული რისკები, რომლის მოლოდინიც გვქონდა, არ გამართლდა - ჩვენი მოქალაქეები მკაცრად იცავენ ნორმებს"

ჩვენი მოქალაქეებისგან მოვითხოვთ, რომ მკაცრად დაცული იყოს ყველა ის ღონისძიება და მოთხოვნა, რომელიც უკვე ჩვენი ცხოვრების გარკვეულ კულტურად და წესად იქცა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უნდა განვაგრძოთ ნიღბების ინტენსიურად მოხმარება, სადაც ეს მოწოდებულია, ვინაიდან მხოლოდ მსგავსი ქცევა არის იმის გარანტი, რომ ქვეყანაში ინფექცია ძალიან არ გავრცელდეს.

„დღეს კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ინტენსიური ჩართულობა იმ პროცესებში, რომელიც ჩვენ უკვე დავიწყეთ იმისათვის, რომ საქართველოში ეკონომიკა ავამუშავოთ და ყველა ეს მონაპოვარი, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, შევინარჩუნოთ და ხელი შევუწყოთ ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკურ აქტივობას. ამასთან მიმართებაში ჯანდაცვის სამინისტრო ყველა თავისი უწყებით და რგოლით ინტენსიურ მუშაობას გააგრძელებს და გააგრძელებს გაძლიერებას როგორც ჰოსპიტალური სექტორის, ასევე პირველადი ჯანდაცვის რგოლის და სასწრაფო გადაუდებელი დახმარების თანამშრომლების. ჩვენი ეპიდემიოლოგები დარჩებიან იმ მობილიზაციაში, რაც ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა გამოვაცხადეთ და ჩვენც ჩვენს მუშაობას იგივე ინტენსივობით გავაგრძელებთ. ჩვენი მოქალაქეებიგან მოვითხოვთ, რომ მკაცრად დაცული იყოს ყველა ის ღონისძიება და მოთხოვნა, რომელიც უკვე ჩვენი ცხოვრების გარკვეულ კულტურად და წესად იქცა. განვაგრძოთ და ინტენსიურად მოვიხმაროთ ნიღბები ისეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც ეს მოწოდებულია, ვინაიდან მხოლოდ მსგავსი ქცევა არის იმის გარანტი, რომ ჩვენთან ინფექცია ძალიან არ გავრცელდეს და ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს. ჩვენ დღესდღეობით ვაკვირდებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის შემთხვევაში, ის გარკვეული რისკები, რომლის მოლოდინიც ჩვენ გვქონდა, არ გამართლდა. ჩვენი მოქალაქეები მკაცრად იცავენ იმ ნორმებს, რომელიც მოწოდებულია და იმედს ვიტოვებ, ყველა დანარჩენ უწყებაში, რომელიც ეტაპობრივად გაიხსნება, ჩვენ ამ ნორმების დაცვასა და ნიღბების მოხმარებას გავაგრძელებთ“,-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ