დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სეროპრევალენტური კვლევები სხვადასხვა ტურისტულ ობიექტებსა და მარშრუტებზეც ჩატარდება. მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით სეროპრევალენტობის კვლევა შემოდგომაზე იგეგმება.
„სეროპრევალენტური კვლევა, დაახლოებით, ერთი კვირის წინ ბოლნისსა და თელავში ჩატარდა. ბოლნისი, როგორც ყველაზე დაზიანებული მუნიციპალიტეტი და თელავი, როგორც მწვანე ზონა. ამ მუნიციპალიტეტებში კლასიკური შემთხვევითი შენარჩევის პრინციპით ჩატარდა და 150-150 მოზრდილ ადამიანს ჩაუტარდა კვლევა ანტისხეულებზე და ანტიგენებზე დაფუძნებული სწრაფი ტესტებით. ბოლნისში ერთ ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო თელავში - არც ერთს. ამ ტიპის კვლევები განსაზღრული გვაქვს სხვადასხვა ტურისტულ ობიექტებზე, ტურისტულ მარშრუტებზე, რომელიც დატვირთული იქნება, რომ პერიოდულ რეჟიმში ვატაროთ. შემოდგომაზე ჩვენ კლასიკურ სეროპრევალენტობის კვლევას ვგეგმავთ ქვეყნის მასშტაბით ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციათან ერთად, სადაც შერჩეული იქნება 1000 ადამიანი და რომელიც არა სწრაფი ტესტებით, არამედ კლასიკური სეროლოგიური მეთოდით ჩატარდება. მანამდე კი რამდენიმე მუნიციპალიტეტში და დასახლებულ არეალებში ასეთი, ოპერაციული სეროპრევალენტობის კვლევები იქნება“, -განაცხადა ამირან გამყრელიძემ.