1-ელი ივნისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარების მიღებისთვის 104 818 თვითდასაქმებული დარეგისტრირდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, 51 000-ზე მეტი პირის შემთხვევაში მიღებულია 300-ლარიანი დახმარების გაცემის გადაწყვეტილება და მათი ნაწილის ანგარიშზე თანხა უკვე აისახა.
„300 ლარს მიიღებს 51 217 თვითდასაქმებული, რომელთაც ჯამში გადაერიცხებათ 15 365 100 ლარი. თანხა ეტაპობრივად აისახება მათ ანგარიშებზე,” - აცხადებენ უწყებაში.
ამასთან, ამ დროისთვის სულ იდენტიფიცირებულია 72 175 დასაქმებული, რომელიც 6 თვის განმავლობაში ჯამში 1 200 ლარის ოდენობით კომპენსაციას მიიღებს.
ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კომპენსაციების მიმღები პირების რეგისტრაცია 15 მაისიდან დაიწყო და პირველ ივლისამდე გაგრძელდება. განაცხადებს განიხილავს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში არსებული სამუშაო ჯგუფი და გადაწყვეტილებას იღებს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია. კომპენსაციის გადარიცხვა მოხდება კომიიის გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. იმ პირებს, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია, შეუძლიათ მიმართონ დასაქმების სააგენტოს ან/და სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს და ადგილზე წარმომადგენლები დაეხმარებიან რეგისტრაციაში.