რა აკავშირებს ყოფილ მინისტრსა და დეპუტატს კომპანიასთან, რომელსაც მთავრობამ სესხი 8-9 წლით გადაუვადა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ, რომ თვალში საცემია პროგრამებსა და საბიუჯეტო მუხლებს შორის ფულის გადანაწილების მასშტაბურობა და სიხშირე.

ანგარიშის შესახებ დეტალურად „კვირის პალიტრა“ წერს. სტატიიდან, მცირე ამონარიდს გთავაზობთ, სადაც საუბარია, კომპნიაზე, რომელსაც მთავრობამ სესხი რამდენიმე წლით გადაუვადა. აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს შორის ყოფილი მინისტრი და დეპუტატი არიან.

აუდიტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საბიუჯეტო რესურსისა და საგარეო წყაროებიდან მიღებული დაფინანსების ხარჯზე გაცემული სესხებიდან შარშან ბიუჯეტს 120 მლნ ლარი უნდა მიეღო, ეს კი ნაკლებია ქვესასესხო ხელშეკრულებებით ბიუჯეტში მოსამართ ძირ თანხაზე. კერძოდ, ქვესასესხო ხელშეკრულებების საფუძველზე გადასესხებული კრედიტებიდან 2019 წელს მოსალოდნელი იყო 140,5 მლნ ლარის ოდენობის ძირი თანხის მობილიზება. თუმცა 2019 წელს მოხდა გეგმის კორექტირება, რომლითაც ბიუჯეტში მოსამართი ძირი თანხა 9 მლნ ევროს ოდენობით შემცირდა.

„აქვე ნათქვამია, რომ ცვლილებები შეეხო შპს "ენერგოტრანსს", რომელსაც მთავრობის გადაწყვეტილებით 2019 წლის ივლისს-დეკემბერში გადასახდელი თანხები 2027-2028 წლებისთვის გადაუვადდა. ბუნებრივია, კითხვებს აჩენს კონკრეტული კომპანიის მიმართ მთავრობის ასეთი ლოიალურობა და სესხის 8-9 წლით გადავადება. როგორც გავარკვიეთ, შპს "ენერგოტრანსი" შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, რომლის 100%-იან წილს სააქციო საზოგადოება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ფლობს, თავად "ენერგოტრანსს" კი სამეთვალყურეო საბჭო ხელმძღვანელობს, რომლის შემადგენლობაშიც საინტერესეო გვარ-სახელებს შეხვდებით.

მაგალითად, დავით ვარდიაშვილი, რომელიც 2013-2014 წლებში ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველი მოადგილე იყო, 2016-2017 წლებში დაწინაურდა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა, 2017-2018 წლებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ამავე უწყებიდან კიდევ ერთი კადრი მოხვდა სახელმწიფო სსიპ-ის მფლობელობაში არსებულ საწარმოში - საგანგებო სიტუაციების მართვის ყოფილი უფროსი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.

"ენერგოტრანსის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრია ასევე პარლამენტის ყოფილი წევრი ვანო ზარდიაშვილი. ალბათ, ამაზე ამბობდა პრემიერი "ქართულ ჯიგრულ პონტშიო", თორემ სხვა შემთხვევაში რით შეიძლება აიხსნას, სახელმწიფოს ნასესხებ ფულს რომ აძლევ კომპანიას, გადასახდელ თანხას უმცირებ და იმ შემცირებულსაც რამდენიმე წლით გადაუვადებ. არადა, აუდიტის სამსახური იმავე ანგარიშში ამბობს, რომ სახელმწიფო საწარმოებს ჭარბი ფული ბანკებში აქვთ განთავსებული და საინტერესოა, ბიუჯეტის ვალს რატომ არ იხდიან. მოკლედ, კეთილსინდისიერი პროკურატურა და თავმოყვარე მთავრობა ამ საქმეს ასე არ დატოვებდა.

აუდიტის ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ ბიუჯეტის შიდა რესურსებიდან გაცემულ სესხებზე ვლინდება სესხების გაცემისას გადამხდელის კრედიტუნარიანობის შეფასებასა და სესხების მართვის ეფექტიანობასთან დაკავშირებული ხარვეზები. შიდა საბიუჯეტო სესხების (მოქმედი სესხები) სახით სულ გაცემულია 181,8 მლნ ლარი, რომლებზეც 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული სრული დავალიანება 359,8 მლნ ლარს შეადგენს. ვადაგადაცილებულია 90 სესხი, რომლებზეც რიცხული დავალიანების 52% პირგასამტეხლოა, ხოლო 41% - სესხის ძირი თანხა,“-წერია სტატიაში.

თაია არდოტელი