ტაქსის მძღოლებისთვის პირბადის გამოყენება სავალდებულო იქნება

ტაქსის მძღოლებისთვის პირბადის გამოყენება სავალდებულო იქნება. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, სანქციების შემოღების შემთხვევაში, რაც სავარაუდოდ მოხდება, სხვა ნებისმიერი მოქალაქის მსგავსად, პირბადის გამოყენებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ტაქსის მძღოლებიც დაჯარიმდებიან.

„ტაქსებში დაცვის მექანიზმი პირბადის გამოყენების გარდა ისიც არის, რომ მხოლოდ უკანა სავარძელზე უნდა განთავსდეს მგზავრი და ასევე კარგია თუ ბუნებრივი ვენტილაცია მოხდება, ანუ ფანჯარა იქნება ჩაწეული. ნიღაბი, რა თქმა უნდა, აუცილებელია. თუმცა, თუ ეს არ მოქმედებს და ადამიანი თავს არ იცავს, ასევე არ იცავს სხვებსაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმუშავებთ საკომუნიკაციო კამპანიაზე და იმაზე, რომ თვითშეგნება გაიზარდოს, არ დაგვავიწყდეს პირბადის გამოყენების მნიშვნელობა. არ გამოვრიცხავ იმას, რომ შეიძლება საჭირო გახდეს და შეიძლება შედეგიც კი გამოიღოს სანქციის მექანიზმმა იმ შემთხვევაში, როცა ნამდვილად აუცილებელია პირბადის გამოყენება და რატომღაც მოქალაქე არ იყენებს ნიღაბს.

არა მარტო ტაქსის მძღოლები, ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება დაექვემდებაროს სანქციას, როდესაც აუცილებელია საჯარო სივრცეში ნიღბის გამოყენება და არ გამოიყენებს. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება გაამართლოს გარკვეულწილად საჯარიმო სანქციებმაც, თუ რა თქმა უნდა, ვერ მივაღწევთ ქცევის მისაღებ დონეს, რომ ნიღაბი გავიკეთოთ ყველამ, იქნება ეს ავტობუსში, მეტროში თუ ტაქსში, მძღოლი იქნება ეს თუ მგზავრი, ნიღბის გაკეთება მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამებტი კანონპროექტზე მუშაობას იწყებს, რომელიც მოქალაქეების მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარებისა და სხვა უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმებს ითვალისწინებს. შესაბამისი დავალება პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გუშინ ბიუროს სხდომაზე გასცა. როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ჯარიმების ოდენობები უნდა იყოს გონივრული, უნდა ჰქონდეს მას პრევენციული ეფექტი და ამავე დროს მოქალაქეებს ის დამატებით სოციალურ პრობლემებს არ უნდა უქმნიდეს.