პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, თუ მოქალაქე პირბადეს არ გაიკეთებს და დაჯარიმდება, ჯარიმა უნდა იყოს მისთვის შემაწუხებელი, რომ წესების დაცვა აიძულოს და არა იმ საფასურის, რომ მისთვის ეს „დამანგრეველი გახდეს". ამის შესახებ ცქიტიშვილმა პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში შესაძლო ჯარიმების დაწესების თაობაზე ჟურნალისტებს კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
დეპუტატის თქმით, ჯარიმა გარკვეულწილად მნიშვნელოვანია ასეთი პანდემია-ეპიდემიის დროს, მაგრამ არა ისეთი ჯარიმა, რომელმაც შეიძლება უკიდურეს გაჭირვებაში ჩააგდოს ისედაც გაჭირვებული მოსახლეობა.
„ჯარიმას უნდა ჰქონდეს პრევენციული მექანიზმი, უნდა იყოს ერთგვარი შემაწუხებელი დამრღვევისთვის, მაგრამ არ უნდა იყოს დამანგრეველი. ადამიანები, რომლებიც ვერ გადაიხდიან დიდ ჯარიმებს, საბოლოო ჯამში ისევ სახელმწიფოს ტვირთი ხდება და მათი ცხოვრება კიდევ უფრო უარესდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ცოტა გონივრული უნდა იყოს“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, პირბადის ტარება 24 საათი წარმოუდგენელია, ამიტომ ძალიან მკაფიოდ უნდა გაიწეროს, როდის და რა შემთხვევებში არის აუცილებელი პირბადის ტარება და როდის შეიძლება პირბადის ტარების გამო დაჯარიმდეს ადამიანი.
„ჯარიმას, პირველ რიგში პრევენციული ხასიათი უნდა ჰქონდეს. ჯარიმის დაწესებისას უნდა განიმარტოს, როგორ აპირებს ხელისუფლება ამის აღსრულებას.
ამასთან, თუ ეპიდემიოლოგები გვეტყვიან, რომ ეს აუცილებელია, ჩვენ მათ რჩევებს უნდა დავემორჩილოთ, რადგან ამ შემთხვევაში, ამ პროცესს ისინი განაგებენ. სახელმწიფომ კი უნდა უზრუნველყოს, რომ ექიმების რეკომენდაცია შესრულდეს", - განაცხადა ცქიტიშვილმა.