ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ლარი დოლართან მიმართებით თითქმის, 7 პუნქტით გამყარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1172 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც წინა დღეს მოქმედებდა, 3.1761 ლარი იყო.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა არის მიზეზი, რის გამოც ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით, უკვე რამდენიმე დღეა მყარდება.
ეკონომისტი ლაშა გოცირიძე ამბობს, რომ ლარი ნელ-ნელა ნორმალურ ნიშნულს უბრუნდება. მისი თქმით, ამის მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული პანიკის შესუსტებაა.
„ეროვნული ვალუტის დოლართან მიმართებით გამყარების მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს. თუმცა, როდესაც 3,20 ნიშნულს გადასცდა, დიდი ალბათობით, ეს იყო პანიკის შედეგად მიღებული იმაზე დიდი გაუფასურება, ვიდრე რეალურად უნდა ყოფილიყო. ახლა უკვე, ლარი ნელ-ნელა ნორმალურ ნიშნულს უბრუნდება.
რას იზამს მომდევნო დღეებში ლარი, ამის პროგნოზირება ძალიან რთულია, ისევე როგორც, ასე მალე რეალური, სიღრმისეული მიზეზების დადგენა და დასკვნების გაკეთება. უბრალოდ, ფაქტი ერთია, კორონავირუსით გამოწვეული ზედმეტი პანიკა შედარებით ჩაცხრა და ეს ლარზეც შესაბამისად აისახა“,- ამბობს ლაშა გოცირიძე.