“საქართველოს საავტომობილო ფედერაციის” ვიცე-პრეზიდენტის, მევლუდ მელაძის შეფასებით, ქვეყანაში ავტობუსების საკმარისი რაოდენობა არ არის იმისთვის, რომ სოციალური დისტანციის თაობაზე სპეციალისტების რეკომენდაციები სრულად გათვალისწინებული იყოს. როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, ავტობუსების დამატება აუცილებელია.
„საკუთარი გამოცდილებით ვიტყოდი, რომ ავტობუსების რაოდენობა საკმარისი არ არის, რადგან როდესაც სამსახურები მთავრდება, ასეთ შეთხვევაში ხალხის ნაკადი ძალიან დიდია, ხალხი სოციალურ დისტანცირებას ვეღარ ახდენს. შემდეგი ნომერი ავტობუსის ლოდინი ძალიან დიდ დროს მოიცავს, ამიტომ, ავტობუსების დამატება აუცილებელია“,-აცხადებს მელაძე.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ ტრანსპორტით გადაადგილებისას სოციალური დისტანცია დაცული იყოს. „ალბათ, ყველაზე მეტად გერმანელებისგან შეიძლება მაგალითის აღება, რადგან წესრიგს ზედმიწევნით იცავენ. აბსოლუტურად ყველა ინსტრუქციას, თუნდაც ჩასხდომის ან გადმოსვლის შემთხვევაში. იმისთვის, რომ ამ პანდემიას მოვერიოთ, მთავარი და გარდაუვალი სწორედ სოციალური დისტანცირებაა. ჩასხდომის დროს ავტობუსის, სამარშრუტო ტაქსის ან თუნდაც მეტროს შემთხვევაში, ერთად არ უნდა მოვგროვდეთ. ავტობუსის მძღოლები, რა თქმა უნდა, უკვე ინფორმირებულები არიან. შესაბამისად, შეიძლება, დისტანცირება აქაც დავიცვათ. ავტობუსშიც ერთმანეთს მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ, რომ სახით ერთმანეთს არ ვუყურებდეთ. საუბრის დროსაც ასევე შესაძლოა, რომ ერთმანეთს სახით არ ვუყურებდეთ. ცნობიერება რაც შეიძლება მაღალი უნდა იყოს, რათა მიხვდნენ, რომ რისკის წინაშე საკუთარ თავს აყენებენ. ამიტომ, თუ მაქსიმალურად მოვერიდებით და დისტანცირებას დავიცავთ, მინიმალური რიკის ქვეშ დავდგებით“,-განაცხადა მელაძემ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი რეკომენდაციებს არ იცავს, გაცილებით დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არსებული რისკები გააცნობიერა.