2020 წელს საფრანგეთის ეკონომიკა 11%-ით შემცირდება

კორონავირუსული კრიზისის გამო, წელს საფრანგეთის ეკონომიკა 11% -ით შემცირდება - ამის შესახებ საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა განაცხადა.

”ჩვენ ვირუსისგან სერიოზულად დავზარალდით. ჩვენ ეფექტური ზომები გავატარეთ ფრანგების ჯანმრთელობის დასაცავად, მაგრამ ეკონომიკა თითქმის სრულად შეჩერდა სამი თვის განმავლობაში. ეს კი ჩვენი ეკონომიკის ზრდაზე ნეგატიურად აისახება“, - განაცხადა ლე მერმა რადიო RTL-თან საუბრისას.

2020 წლის პირველ კვარტალში ევროზონის სიდიდით მეორე ეკონომიკა წინა სამ თვესთან შედარებით 5,3%-ით შემცირდა, რაც შემცირების ყველაზე სწრაფი ტემპია 1968 წლის შემდეგ.

”ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით, ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინაა”, - თქვა ლე მერმა.

მინისტრის თქმით, მთავრობა ცდილობს თავიდან აიცილოს საცალო გაყიდვების სექტორში მოქმედი კომპანიების გაკოტრება და ეძებს მყიდველებს ტანსაცმლის ისეთი მსხვილი ქსელებისთვის, როგორიცაა Camaieu, Conforama და La Halle, სადაც ათასობით ადამიანი მუშაობს. მთავრობაში უკვე განაცხადეს, რომ დაეხმრებიან ტურიზმსა და ავტოინდუსტრიას, ასევე ხელისუფლება ამზადებს გეგმას ავიაკომპანიების მხარდასაჭერად.