"ფასიანი პოლიტიკური რეკლამის აკრძალვა არის მედიის მოგუდვისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი"

„ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის საბა ბუაძის განცხადებით, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის აკრძალვა არის მედიის მოგუდვისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი. მისი განცხადებით, კრიზისის გამო მედია სულს ღაფავს და შემოსავლები უნახევრდება, გია ჟორჟოლიანმა კი მოიცალა და დაარეგისტრირა ინიციატივა, რომელიც საფრთხეს უქმნის მედია საშუალებების არსებობას.

"მედია პირდაპირ არის დამოკიდებული სარეკლამო შემოსავლებზე, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც სწორედ პოლიტიკური რეკლამიდან შემოდის. ეს ინიციატივა ხელისუფლების ინტერესებში შედის, რომელიც ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ გააჩუმოს მისგან დამოუკიდებელი მედია საშუალებები. „ქართულ ოცნებას“ დღეს ხელთ აქვს მედია, ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსები და ეს შავბნელი თამაში მხოლოდ მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის და ოპოზიციის განეიტრალებას ისახავს მიზნად.

მედია პლურალიზმის ხელშეწყობისთვის და მედია საშუალებების სტაბილურობისთვის ლელო გამოვიდა ინიციატივით, რომელიც მედიის სულ მცირე, 3 წლით გადასახადებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. მედია არის დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუტი და ხელისფულებამ უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა მის დამოუკიდებლობას და არსებობას საფრთხე არ შეექმნას", - ნათქვამია საბა ბუაძის განცხადებაში, რომელიც „ინტერპრესნიუსს“ პოლიტიკური გაერთიანებიდან „ლელო საქართველოსთვის“ აცნობეს.