„ლარი გაუფასურებული იყო იმაზე მეტად, ვიდრე მისი საბაზრო წონასწორობის ნიშნულია“ - რა იწვევს ეროვნული ვალუტის გამყარებას

„მოსაზრება, რომ თუ ეკონომიკური პროცესები ცუდად ვითარდება, ლარი აუცილებლად უფასურდება, არასწორია“, - ამის შესახებ ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ ეროვნული ვალუტის გამყარების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სინამდვილეში, რეცესიის ფონზე, მოთხოვნა იმპორტზეც მცირდება, რაც ეროვნული ვალუტის გამყარებას ხელს უწყობს.

ცნობისთვის, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ლარი დოლართან მიმართებით თითქმის, 12 პუნქტით გამყარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0772 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.1172 ლარი იყო. ერთი კვირის წინ კი ერთი დოლარი, ოფიციალური კურსით, 3,1916 ლარი ღირდა.

„მოსაზრება, რომ თუ ეკონომიკური პროცესები ცუდად ვითარდება, ლარი აუცილებლად უფასურდება, არასწორია. სინამდვილეში ეს ასე არ არის. იმიტომ, რომ ზოგადად მოთხოვნის კლება, ხელს უწყობს ლარის გამყარებას. ანუ ჩვენ გვაქვს საკმაოდ არაორდინალური მოვლენები, ერთის მხრივ, რეალურად მცირდება უცხოური ვალუტის შემოდინებები, მაგრამ მეორე მხრივ, რეცესიის ფონზე იკლებს მოთხოვნა იმპორტზეც, შესაბამისად, მცირდება მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე. თუ ამას ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ მცირედ ინტერვენციებსაც დავამატებთ, მოსალოდნელია, ის სცენარი, რომელსაც განვიხილავთ ყოველთვის. კერძოდ, რაღაც პერიოდში შეიძლება ლარი გამყარდეს, მერე ისევ გაუფასურდეს. აქ გასაკვირი არაფერია. მით უფრო, რომ ლარი გაუფასურებული იყო იმაზე მეტად, ვიდრე მისი საბაზრო წონასწორობის ნიშნულია“,-აცხადებს აკაკი ცომაია.

ნინი ქეთელაური