2020 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.5 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.4 პროცენტით განისაზღვრა.
„საქსტატის“ ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.58 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (47.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (24.6 პროცენტი), თევზეული (17.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (14.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (13.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (13.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (13.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (9.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (9.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.7 პროცენტი);
ტრანსპორტი: მოცემულ პერიოდში ფასები შემცირდა 4.6 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში შეადგინა -0.57 პროცენტული პუნქტი. ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-6.9 პროცენტი).