დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მზიურის პარკის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება.
ამის შესახებ კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ასევე დასასრულს უახლოვდება კიკვიძის პარკის რეაბილიტაცია.
„მზიურის პარკის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. ამ პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მინდა მათ მადლობა გადავუხადო. რამდენიმე დღეში მთლიანად დამთავრებული იქნება სამუშაოები და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ერთად გავხსნათ ეს ულამაზესი პარკი. გარდა ამისა, კიკვიძის პარკში, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სივრცეა, აქაც სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და ვფიქრობ, მომდევნო კვირის დასასრულს ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, აქაც ჩავატაროთ გახსნითი ღონისძიება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული სკვერის რეაბილიტაცია და განახლება, რომ რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე გვქონდეს, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა დაისვენონ“, - განაცხადა კალაძემ.
მერის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ყაზბეგის გამზირზე ახალი პარკი გაიხსნა.
„რამდენიმე დღის წინ ყაზბეგზე გავხსენით ძალიან ლამაზი მწვანე სივრცე, რომელიც შეიძლება დიდი არ იყოს, თუმცა ლამაზია და სიმბოლურია იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი ბრძოლა მოუწია მოსახლეობას. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ ეს სკვერი უნდა გასხვისებულიყო და ამ სკვერის ადგილზე აშენებულიყო მრავალსართულიანი კორპუსები, თუმცა წინა მერის პირობებში მოხდა ამ სკვერის დაბრუნება“, - განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კალაძის ინფორმაციით, გლდანის მე-8 მიკრორაიონში N23, N11, N9 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებულია სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები.
„აქ დაახლოებით 1 ჰექტარ ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყველაფერი იცვლება, ახალი ხე-ნარგავები, ახალი განათებები, ბავშვებისთვის სპეციალური კუთხე იქნება მოწყობილი, იქნება სპეციალური ზონა, სადაც ცხოველების გასეირნება იქნება შესაძლებელი.
ასევე, ზეგ უკვე გავხსნით ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში ძალიან მაგარ პარკს, რომელიც იყო უმძიმეს მდგომარეობაში. აქ ძალიან მაგარი სივრცე შეიქმნა, რომელიც ყველანაირ სტანდარტს აკმაყოფილებს“, - განაცხადა კალაძემ.