კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკის სრული რეაბილიტაციის პროექტი მზად არის

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკის სრული რეაბილიტაციის პროექტი მზად არის. როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე ასევე აღნიშნა, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე, შპს LMC-სთან ხელშეკრულება გააფორმა და აღნიშნული შესყიდვის ფარგლებში, დამუშავდება კასკადისა და შადრევნების, როგორც არქიტექტურული, ისე საინჟინრო პროექტები.

„დედაქალაქის მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაა. ეს შესაძლებელია ახალი რეკრეაციული სივრცეების შექმნით, იმ მთელი რიგი რეგულაციებით, რომელიც სამშენებლო სექტორში შემოვიღეთ. აუცილებლად უნდა შევძლოთ ჩვენ ის, რომ ჰაერი გავასუფთავოთ. იცით, რომ დაწყებული გვაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, მთლიანი პარკის ჩანაცვლება და რადგან პარკებზე და სკვერებზე ვსაუბრობთ, მინდა მოგაწოდოთ ერთი სიახლე. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე, შპს LMC-სთან ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნული შესყიდვის ფარგლებში, დამუშავდება კასკადისა და შადრევნების, როგორც არქიტექტურული, ისე საინჟინრო პროექტები. მნიშვნელოვანია, რომ პროექტირების შედეგად, ობიექტის პირვანდელი იერსახე შენარჩუნდება. პროექტის ფარგლებში, კასკადისა და შადრევნების წყლით უზრუნველყოფის სხვადასხვა ალტერნატივა იქნება შესწავლილი, მათ შორის, მდინარე ვერეს აუზიდან წყლის მიწოდების შესაძლებლობა. ასევე, კვლევის ეტაპზე, შესწავლილი იქნება კასკადის მდგრადობაც. როგორც იცით, ეს არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კასკადი. საკმაოდ რთული კონსტრუქციაა, რომელიც სამწუხაროდ, მოუვლელობის გამო, წლებია გამორთულია. პროექტის შედეგად, ცენტრალური ღერძის გასწვრივ არსებული კასკადი და შადრევნები ჩვენს დედაქალაქს პირვანდელი სახით დაუბრუნდება. რეაბილიტაციის პროექტი ზაფხულის ბოლოსთვის იქნება მზად“,-განაცხადა კახა კლაძემ.

მისივე თქმით, ამგვარი ფართომასშტაბიანი რეაბილიტაცია ვაკის პარკში პირველად მოხდება.

„გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, ბრიტანულმა კომპანიამ - CBA Studios, ვაკის პარკის სრული რეაბილიტაციის პროექტი დაამუშავა, რომლის ფარგლებშიც აქტიური კომუნიკაცია იყო ადგილობრივ მოსახლეობასთან. ჩატარდა საჯარო შეხვედრაც, რომელზეც პროექტის ავტორებმა პარკის ფუნქციურ ზონირებასთან დაკავშირებით, საკუთარი ხედვები და მოსაზრებები წარადგინეს. ამასთანავე, ადგილზე შეკრებილ მოსახლეობას მიეცა საშუალება, ვაკის პარკის პროექტთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა. პოზიციების შეჯერების შედეგად, მზად გვაქვს ვაკის პარკის სრული რეაბილიტაციის პროექტი. აღსანიშნავია, რომ ამგვარი ფართომასშტაბიანი რეაბილიტაცია ვაკის პარკში პირველად მოხდება. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კოვიდ 19-ით გამოწვეული პრობლემების მიუხედავად, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს არ გაუჩერებია საპროექტო თუ ინფრასტრუქტურული სამუშაოები ყველა დიდი პროექტისთვის. ამჟამად, აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან დამატებითი რესურსის მოძიების მიზნით. ისინი მზად არიან, გამოყონ დაფინანსება იმისთვის, რომ უმოკლეს ვადაში დაიწყოს, როგორც ვაკის პარკის რეაბილიტაცია, ასევე, თემქის ხევში და დიღმის ჭალებში ახალი საქალაქო პარკების მოწყობის სამუშაოები“,-აღნიშნა კალაძემ.