აპრილში ელექტროენერგიის მოხმარება 12.9%-ით შემცირდა, აფხაზეთის რეგიონში კი 18.4% -ით გაიზარდა

2020 წლის აპრილში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 7.1%-ით შემცირდა და 939 გვტ.სთ შეადგინა, რაც კოვიდ-19-ის პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების და შემცირებული ეკონომიკური აქტივობითაა განპირობებული. ამის შესახებ „გალთენდტაგარტის“ მიმოხილვაშია აღნიშნული.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის რეგიონის მოხმარება აპრილში წლიურად 18.4%-ით გაიზარდა. ამასთან, დანარჩენი საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 12.9%-ით შემცირდა და მომხმარებელთა ჯგუფის მიხედვით შემდეგი სურათია:

„მსხვილი კომერციული საწარმოების (პირდაპირი მომხმარებლების ჯგუფი) ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის უცვლელია, როგორც წინა თვესთან, ისე ბოლო 5 თვის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, რაც ხაზს უსვამს ამ კომპანიების სტაბილურ ოპერირებას. ამასთან, ამ ჯგუფის ელექტროენერგიის მოხმარების 55.2%-იანი წლიური ზრდა აპრილში აიხსნება 2019 წლის მაისის საკანონმდებლო ცვლილებებით, როდესაც 5გვტ.სთ-ზე მეტი ყოველთვიური მოხმარების მქონე 10 ახალი კომპანია სავალდებულო წესით დაემატა ამ ჯგუფს.

ენერგო-პრო ჯორჯიას ელექტროენერგიის მოხმარება 2020 წლის აპრილში თვიურად 12.4%-ით, ხოლო წლიურად 29.3%-ით შემცირდა. წლიური შემცირების ნაწილი აიხსნება ზემოთაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების გამო რამდენიმე აბონენტის გადასვლით პირდაპირ მომხმარებელთა ჯგუფში. შედარებისთვის, კოვიდ-19-ის პერიოდამდე საკანონმდებლო ცვლილებებით გამოწვეული წლიური კლება (2019 წლის მაისიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით) საშუალოდ 19.8%-ს შეადგენდა.

კოვიდ-19-ის შეზღუდვებს ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა თელასის აბონენტებზე. 2020 წლის აპრილში, თელასის ელექტროენერგიის მოხმარება თვიურად 23.3%-ით, ხოლო წლიურად 23.0%-ით შემცირდა. 2019 წლის მაისის საკანონმდებლო ცვლილებებმა თელასის მოხმარებაზეც იმოქმედა, მაგრამ მნიშვნელოვნად ნაკლებად, ვიდრე ენერგო-პრო ჯორჯიას შემთხვევაში.

აფხაზეთის რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 18.4% -ით გაიზარდა 2020 წლის აპრილში, წინა წლის ისედაც მაღალი ბაზიდან (+26,0% წ/წ) და რეკორდულ მაჩვენებელს 221.5 გვტ.სთ-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის აპრილში აფხაზეთის რეგიონის მოხმარება 30%-ით აღემატებოდა თელასის მოხმარებას, როცა ჩვეულებრივ, მისი მოხმარება 30%-ით დაბალი არის ხოლმე (2014-19 წლების საშუალო). რადგან ენგურის გენერაცია საკმარისი არ აღმოჩნდა რეგიონის გაზრდილი მოხმარების დასაკმაყოფილებლად, 2020 წლის აპრილში განხორციელებული ელექტროენერგიის იმპორტის დიდი ნაწილი (დაახლ. 70%) და საბალანსო ელექტროენერგიის 14.1% ამ რეგიონის მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოხმარდა,“-აღნიშნულია მიმოხილვაში.

თაია არდოტელი