მთავრობამ აირჩია აბსოლუტურად არასწორი გზა. დაპირდა მოსახლეობას, რომ თანხას დახარჯავდა ფასების შესანარჩუნებლად და ყველამ ვნახეთ, რომ ეს ვერ მოხერხდა და მივიღეთ გაძვირებული პროდუქტი, გაძვირებული ცხოვრება, დაუცველი მოსახლეობა და ეკონომიკა, რომელიც ვალების ამარაა დარჩენილი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან გამოსავალი გადასახადების დაწევის გზით ეკონომიკის სტიმულირება იქნებოდა.
„ფასების შენარჩუნების დაპირება, ისევე როგორც ბევრი სხვა დაპირება მთავრობის მხრიდან, აღმოჩნდა შეუსრულებადი და ტყუილი. ამის ნაცვლად, ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა ის, რასაც სთავაზობდა „ევროპული საქართველო“ ორი მიმართულებით. ერთი მხრივ, უნდა მოეხდინა ეკონომიკის სტიმულირება, პირველ რიგში გადასახადების შემცირებით და მათ შორის აქციზის გადასახადის შემცირებით, რომელიც პირდაპირი კომპონენტია ფასების გაძვირების ამ ქვეყანაში. მეორე მხრივ, მოსახლეობის უკეთესი დაცვა ანუ მეტი თანხის გაცემა მოსახლეობისთვის, მათ შორის საპენსიო ფონდის გამოყენებით თვითდასაქმებულებისთვის და უხელფასოდ დარჩენილებისთვის. ეს ორი კომპონენტი ერთად, გადასახადების დაწევის გზით ეკონომიკის სტიმულირება და მოსახლეობისთვის მეტი დახმარება იქნებოდა გამოსავალი.
მთავრობამ აირჩია აბსოლუტურად არასწორი გზა, დაპირდა მოსახლეობას, რომ თანხას დახარჯავდა ფასების შესანარჩუნებლად და ყველამ ვნახეთ, რომ ეს ვერ მოხერხდა და მივიღეთ გაძვირებული პროდუქტი, გაძვირებული ცხოვრება, დაუცველი მოსახლეობა და ეკონომიკა, რომელიც ვალების ამარაა დარჩენილი“, - განაცხადა ბაქრაძემ.