„საპენსიო სააგენტო“ - საპენსიო აქტივებს 50 მილიონი ლარის სარგებელი დაერიცხა

ჯამში მთელ საპენსიო აქტივებზე დარიცხული სარგებელი 50 მილიონ ლარამდეა, - ამის შესახებ ინფორმაციას „საპენსიო სააგენტო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საინვესტიციო სამსახურმა საკუთარი საინვესტიციო მანდატის ფარგლებში გააანალიზა ბაზარზე არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები და მიიღო გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკში არსებული ნაშთის (84 მილიონი ლარი, რომელსაც ერიცხებოდა ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი 8.50% პროცენტი) და კომერციულ ბანკებში არსებული ნაშთების (83 მილიონი ლარი, რომლებსაც ერიცხებოდათ სხვადასხვა საპროცენტო სარგებელი) ოპტიმალურად განაწილებასთან დაკავშირებით. კერძოდ კი, საინვესტიციო სამსახურმა ქართულ კომერციულ ბანკებთან აქტიური მოლაპარაკების საფუძველზე ეროვნულ ბანკში არსებული ნაშთი სრულად გადაანაწილა სხვადასხვა ქართულ კომერციულ ბანკებში როგორც მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე, ასევე გრძელვადიან სასერთიფიკატო დეპოზიტებში - კონკრეტულად, განხორციელდა 40 მილიონი ლარის ღირებულების 36 თვიანი სასერთიფიკატო დეპოზიტების შეძენა წლიურ ნომინალურ 13.8%-ში (ეფექტური წლიური 12.24%).

„აღნიშნული ინვესტიცია, წარმოადგენს საუკეთესო საპროცენტო ამონაგებს საპენსიო სქემის თითოეული მონაწილისათვის.

დღეის მდგომარეობით, საპენსიო აქტივები შეადგენს 780 მილიონ ლარს, რომლიდანაც 84%, (651 მილიონი ლარი), განთავსებულია კომერციულ ბანკებში სასერთიფიკატო დეპოზიტებში წლიურ ნომინალურ 14.7%-ში (ეფექტური წლიური 12.0%), ხოლო დანარჩენი 16%, (128 მილიონი ლარი), კომერციულ ბანკებში სარგებლიან ანგარიშებზე წლიურ 9.8%-ში. მთლიანი საპენსიო აქტივების წლიური მიმდინარე საპროცენტო მომგებიანობა შეადგენს 14.0%-მდე. აღსანიშნავია, რომ კომერციულ ბანკებში სასერთიფიკატო დეპოზიტებში არსებულ თანხას უკვე დაერიცხა 20 მილიონ ლარზე მეტი სარგებელი, ხოლო ჯამში მთელ საპენსიო აქტივებს დარიცხული სარგებელი 50 მილიონ ლარამდეა.

2020 წლის 1-ელი აპრილიდან საპენსიო სააგენტოში უფროსი საინვესტიციო ოფიცრის პოზიციაზე გოგა მელიქიძე დაინიშნა, საინვესტიციო სამსახურის უფროსის მოადგილედ კი გუნდს ლევან ვერძეული შემოუერთდა. ისინი დანიშვნის დღიდან აქტიურად ჩაერთნენ საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ პროცესებში. მათი ჩართულობით საინვესტიციო საბჭოსთან ერთად მუშავდება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც დასრულების ეტაპზეა და დამტკიცების შემდგომ გამოქვეყნდება. საინვესტიციო სამსახური აგრეთვე აქტიურად არის ჩართული სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის პროცესში.

მნიშვნელოვანია, რომ საინვესტიციო სამსახური საქართველოს ეროვნულ ბანკთან, რომელიც საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის მარეგულირებელი ორგანოა, აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებს. ამა წლის მაისის თვის დასაწყისში გაიმართა შეხვედრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ვიდეო-კონფერენციის რეჟიმში, რომლის დროსაც მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები იქნა განხილული, მათ შორის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი,"-აღნიშნავენ „საპენსიო სააგენტოში“.