წელს კახეთის რეგიონში ატმისა და ვაშლატამას საპროგნოზო მოსავლის საერთო რაოდენობა 35 000 ტონას შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, მოსავლის საერთო მოცულობიდან, დაახლოებით, 15 000 ტონა საექსპორტოა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის პროცესის შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ივნისის შუა რიცხვებში, ქალაქ გურჯაანში საორგანიზაციო შტაბი გაიხსნება.
„ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს განსაკუთრებულ პირობებში გვიწევს მუშაობა, საორგანიზაციო შტაბი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით იმუშავებს. მნიშვნელოვანია, რომ წელს, პროცესში სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი პროგრამების ფარგლებში შექმნილი 20 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ჩაერთვება“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, იმუშავებს ჯგუფი ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით პროდუქციის ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და გაცემას უზრუნველყოფს.
უწყების ცნობით, 2019 წელს, ატმისა და ვაშლატამას საექსპორტო მაჩვენებელი 13 256 ტონას შეადგენდა. დაბინავების პროცესის უზრუნველყოფაში ჩართული იყო 9 სამაცივრე მეურნეობა. გასულ წელს, საქართველოდან ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა რუსეთში - 10 777 ტონა, სომხეთში - 1 373 ტონა, აზერბაიჯანში - 667 ტონა, უკრაინაში - 150 ტონა, ყაზახეთში - 114 ტონა, სლოვენიაში - 78 ტონა, ერაყში - 39 ტონა, ირანში - 20 ტონა, ბელორუსში - 18 ტონა, მოლდოვაში - 19 ტონა, ყატარში - 0,4 ტონა.
უწყებაში აცხადებენ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების თანადაფინანსებით საქართველოში ხილის 11 გადამმუშავებელი საწარმოა, აქედან კახეთის რეგიონში, გურჯაანსა და თელავში სამი საწარმო ფუნქციონირებს.