8 ივნისიდან საქალაქთაშორისო მოძრაობის აღდგენის მიუხედავად, სარკინიგზო გზით მგზავრთა გადაყვანა აკრძალული რჩება

საქართველოში სარკინიგზო გზით მგზავრთა გადაყვანა, საქალაქთაშორისო მოძრაობის აღდგენის მიუხედავად, 8 ივნისიდან არ განახლდება.

ამის შესახებ მთავრობის 345-ე დადგენილებაშია აღნიშნული.

დადგენილების თანახმად, სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა შეჩერებულია, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა.

„ჩერდება: ა) სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე და პირიქით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებულ ოპერაციულ შტაბთან (შემდგომში – ოპერაციული შტაბი) შეთანხმებით”, - აღნიშნულია დადგენილებაში.

ამავე დადგენილების თანახმად, ასევე ჩერდება „რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ქვეყნის შიგნით მგზავრთა გადაყვანის მიზნით. არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით”.

ასევე, 345-ე დადგენილების თანახმად, დაშვებულია ყველა ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:

ა) სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზებისა/ჩატარებისა;

ბ) სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურისა/აქტივობებისა.

სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი საშუალებების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ:

ა) საკარანტინე სივრცეების მოწყობის მიზნით;

ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უშუალოდ ან ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული უწყებების დახმარებით განხორციელებული შემოწმების შედეგად სამუშაო ადგილებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე”.

დადგენილებას ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს და ის 8 ივნისიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, რომ 8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ასევე, გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, ასევე გაიხსნება ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმებები და ექნებათ შესაბამისი ნებართვა.