ხუთი ბიზნეს ასოციაცია საქართველოს მთავრობას ერთობლივი განცხადებით მიმართავს. მიმართვას ხელს აწერენ - ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო, საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში, დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, გადასახადის გადამხდელთა კავშირი და საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია.
როგორც განცხადებაში აღნიშნული, "კოვიდ 19“-ის გავრცელებასთან დაკავშირებულ რთულ პერიოდში, რიგმა ბიზნეს ასოციაციებმა არაერთხელ მიმართეს საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებით, რაც განპირობებული იყო ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების, ბიზნესის სამართლიანი ინტერესების დაცვისა და კრიზისულ პერიოდში კონკრეტული დახმარებების გაწევის მიზნით.
„მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე რეკომენდაცია საბოლოო ჯამში გათვალისწინებულ იქნა, ბიზნეს ასოციაციებს არ მიუღიათ მთავრობისგან გამოხმაურება შეთავაზებებზე და ვხედავთ საფრთხეს, რომ ხელისუფლება შემოდგომაზე მარტო დარჩება იმ დიდ გამოწვევასთან, რასაც ჰქვია მზარდი ეკონომიკური კრიზისი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში შეიმჩნევა საკმაოდ არასწორი ტენდენცია ბიზნესთან თანამშრომლობის ჭრილში, რაც გულისხმობს რომ მთავრობას არ აქვს შესაბამისი კომუნიკაცია და უკუკავშირი ბიზნეს სექტორებთან, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობის განმარტებით ბიზნესთან კომუნკაციის და დახმარების პროცესი დაწყებულია. მაგალითისათვის არ ყოფილა უკუკავშირი საქონლის რეალიზაციის შემდეგ დღგ-ს გადახდის ვალდებულებასთან, ასევე ტვირთების განბაჟების დროს ე.წ. ყვითელი დერეფნის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით, რომელიც გახლავთ დამამუხრუჭებელი და არაპროგნოზირებადი მექანიზმი, უაღრესად ხელის შემშლელი ბიზნესისათვის ფულადი საბრუნავი საშუალებების შესანარჩუნებლად, რაც ირიბად იწვევს საიმპორტო საქონელზე და ადგილობრივ პროდუქციაზე (ნედლეულის იმპორტიდან გამომდინარე) ფასების ზრდას.
პრემიერ-მინისტრის მიერ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციის დროს დაფიქსირდა, რომ მთავრობამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეათანხმა ახალი პროგრამის პარამეტრები და ბიუჯეტის და მთავრობის მიმართულებით უკვე მოიპოვა 1,5 მლრდ დოლარი დახმარების გარანტიები, გარდა ამისა კერძო სექტორისთვის წვდომა დამატებით 1,5 მლრდ დოლარზე.
განმცხადებელ ბიზნეს ასოციაციებს აინტერესებთ:
ასევე მნიშვნელოვანია მთავრობის სამოქმედო გეგმის არსებობა ვირუსის გავრცელების მეორე ტალღის შემთხვევაში. ბიზნესისთვის მეტი პროგნოზირებულობისა და მომავალი შესაძლო ზარალის მინიმიზაციისთვის მთავრობას ვთავაზობთ:•იმის გათვალისწინებით, რომ ბიზნესის განმეორებითი დაკეტვა სრულად შეაჩერებს ქვეყნაში ეკონომიკის აღდგენის პროცესს, უმნიშვნელოვანესია პრემიერ მინისტრმა და მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა უახლოეს მომავალში დაიწყოს კონსულტაციები წამყვან ბიზნეს ასოციაციებთან, რათა განისაზღვროს შესაბამისი სტრატეგია ქვეყანაში ვირუსის ახალი ტალღის გავრცელების შემთხვევაში", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.