Google შესაძლოა, 5 მილიარდი დოლარით დააჯარიმონ

სან ხოსეს (კალიფორნია) ფედერალურ სასამართლოში შეტანილი სარჩელი, კომპანია Google-ს 5 მილიარდი დოლარით დაჯარიმებას მოითხოვს.

სარჩელში ლაპარაკია იმაზე, რომ ინტერნეტში ძებნაზე ორიენტირებული კომპანია, მილიონობით მომხმარებლის პირად ცხოვრებაში იჭრება, რისთვისაც პრივატულ რეჟიმში მომუშავე ბრაუზერებს იყენებს.

სარჩელი ირწმუნება, რომ Google მონაცემების შესაგროვებლად, „გუგლ ანალიტიკსის“, „გუგლ ად მენეჯერის“, ასევე აპლიკაციების და ვებგვერდების ჩანართების, სმარტფონის აპლიკაციების მეშვეობით აგროვებს. და ამისთვის სულაც არაა საჭირო, რომ მომხმარებელი Google-ს მიერ მხარდაჭერილ რეკლამებში შედიოდეს.

ამგვარად მოპოვებული ინფორმაციის გამოყენებით, Google-ს მომხმარებლის მეგობრების, გატაცებების, რჩეული პროდუქტების, შოპინგის ჩვევების და ინტიმური ინფორმაციის მოპოვებაც კი შეუძლია. ამისთვის კი კომპანია შესაძლოა, ონლაინ ძებნისას გამოყენებულ ინფორმაციას იყენებს.

სარჩელში ასევე ლაპარაკია იმაზე, რომ უხილავი რეჟიმით 2016 წლის ივნისიდან მილიონობით მომხმარებელმა ისარგებლა. თითოეული მომხმარებლის კერძო უფლებათა დარღვევისთვის კი, ჯარიმის სახით, პირობითად სულ მცირე, 5 000 დოლარია მოთხოვნილი.