ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო ონლაინ დიალოგში, რომელიც „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონპროექტს შეეხებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ონლაინ დიალოგი პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის ინიციატივით და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, კანონპროექტი, ერთი მხრივ, ეფუძნება საერთაშორისოდ მოქმედ ძირითად პრინციპებსა და რეგულირების მოდელებს, ხოლო, მეორე მხრივ, მასში გათვალისწინებულია საქართველოში კაპიტალის ბაზრის და ზოგადად ეკონომიკის განვითარების დონე.
„საინვესტიციო ფონდების კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან უზრუნველყოფს არა მხოლოდ ინვესტორთა დაცულობის ხარისხის გაზრდას, არამედ წარმოადგენს წინაპირობას საერთაშორისო ბაზრის მონაწილეების მხრიდან საქართველოს მიმართ მეტი ნდობისა და დაინტერესებისთვის“, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
მისი თქმით, განვითარებული საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარება გააღრმავებს საქართველოს ფინანსურ სექტორს, გაზრდის მის ეფექტიანობას და ბიზნეს სექტორისთვის დაფინანსების ალტერნატიულ წყაროს გააჩენს, რაც საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.
კანონპროექტი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეროვნული ბანკის, USAID-ის, ინვესტორთა საბჭოსა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შემუშავდა.